საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ვინაიდან წვრილმანი ხულიგნობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების სამართალდარღვევები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის განსაზღვრული, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელება.

„კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების მძიმე ხასიათის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნება პროპორციული მიდგომა ამ სამართალდარღვევების ჩადენის მიმართ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.  

მისივე განმარტებით, ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„ორივე ისეთი მუხლია, რომელიც განზრახ სამართალდარღვევას გულისხმობს. სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა ნიშნავს იმას, რომ სამართალდამრღვევი არღვევს სხვა პირის რომელიმე უფლებას. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა მიმართულია იქითკენ, რომ აღიკვეთოს სხვისი უფლების დარღვევა, ამიტომ ასეთი ტიპის სამართალდარღვევები უნდა იყოს რაც შეიძლება კლებადი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ეს აღმოჩნდეს ეფექტიანი, რათა ნაკლები იყოს ამ ტიპის სამართალდარღვევები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. 

დღესვე კომიტეტის წევრებმა განიხილეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ინიციატივა უკავშირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ვინაიდან ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე, დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს პირის დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ერთნაირი ვადის დადგენას და, ამდენად, თანასწორ მოპყრობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირთა ჯგუფების მიმართ“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.