აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ბოლნისში გასვლითი სხდომა გამართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა და რომელზეც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტის სხდომა გაფართოებულ ფორმატში შედგა და მასში კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი მეღვინეები.
„ნამდვილად სიმბოლურია, რომ დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის მოსასმენად შევიკრიბეთ სწორედ ბოლნისში - უძველეს ისტორიულ, დიდი კულტურის, მათ შორის, მეღვინეობის ტრადიციებით გამორჩეულ მხარეში, სადაც სწორედ ახლა ბოლო წლებში მიმდინარეობს ამ ტრადიციების აღდგენა-აღორძინება. მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეობის ნაწილში არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ კახეთით, რომელიც განსაკუთრებით დიდი მწარმოებელია ღვინის და ჩავიდეთ ყველა სხვა რეგიონშიც, რომელსაც აქვს პოტენციალი და მეღვინეობის ისტორიული გამოცდილება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომის გახსნისას.
სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ამავე უწყების ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, 2020 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამის მიუხედავად, სააგენტოსთვის წელი მაინც პოზიტიურად დამთავრდა.
„მინდა დავიწყო წარმატებით და აღიარებით, რაც მოხდა 2020 წელს, კერძოდ ვაზისა ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) ჩვენი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული - „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ აღიარა და OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეიტანა. ეს არის მეღვინეობის დარგისთვის უდიდესი მიღწევა. ისეთი ღვინოების გვერდზე, როგორიცაა „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“, არის ჩვენი ტრადიციული ტექნოლოგიაც“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.
იმის გათვალისწინებით, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაა, ლევან მეხუზლამ შეკრებილთ გააცნო ის პროგრამები, რომლებსაც სააგენტო აღნიშნული მიზნის მისაღწევად ახორციელებს, კერძოდ, ეს პროგრამებია:
და დეტალურად ისაუბრა ყოველი მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, COVID-19 ვირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მეღვინეობის დარგზე - საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებულმა ექსპორტმა და შიდა ბაზარზე ტურისტული სეზონის ჩავარდნამ, დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ღვინის ეროვნულ სააგენტოში არ შეფერხებულა ღვინის ექსპორტისთვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცედურები, ქართული ღვინის საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობები დისტანციური და ონლაინ ფორმატებით ჩანაცვლდა, ორგანიზებულად ჩატარდა რთველი და გაგრძელდა ღვინის ხარისხის მონიტორინგის ღონისძიებები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი თავის მხრივ, ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხედვა წარმოადგინა, რომელიც გაწერილი იქნება კონკრეტულ გეგმებში.
მან შეკრებილთ სტრატეგიული გეგმებიც გააცნო, რომელმაც სრულიად ახალ მასშტაბებზე უნდა გადაიყვანოს აღნიშნული სექტორი.
მისი თქმით, მუშაობენ სექტორის განვითარების 10-წლიან გეგმაზე და წარმოადგენენ კონკრეტულ ინდიკატორებს, რომლის მიხედვით, 2030 წლისთვის მეღვინეობის პროდუქტების ექსპორტმა ერთ მილიონ დოლარს უნდა მიაღწიოს.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველო გავხადოთ ღვინის მწარმოებელი ქვეყანა - ქართული ღვინო საყოველთაო უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური განაცხადი, მაგრამ ეს რეალური და მიღწევადია“, - განაცხადა მინისტრმა.
სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება საოჯახო და მცირე ტიპის მარნების პრობლემებზეც გამახვილდა.
ადგილობრივმა მეღვინეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებით და კანონმდებლებსა და მთავრობის წარმომადგენლებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება სთხოვეს.
ნინო წილოსანის განცხადებით, ნამდვილად ყურადსაღებია ის ძირითადი მაჩვენებლები და პარამეტრები მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებით, რასაც სამინისტრომ და სააგენტომ მიაღწიეს.
მისი შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეს არის ბოლნისის, როგორც ადგილწარმოშობის დარეგისტრირება და სასიხარულოა, რომ ეს რეგისტრაცია ადგილობრივმა მეღვინეების ასოციაციამ განახორციელა.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ კი ამ მაგალითს სხვებიც მიბაძავენ. მისივე თქმით, საინტერესო გეგმები აქვს სამინისტროს მეღვინეობის განვითარების მიმართულებით, რომელთა შესახებ მინისტრმა ისაუბრა და „ეს არის სტრატეგიულად ახალი მიმართულება და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა, როგორც სექტორი, მნიშვნელოვანწილად გაიზარდოს“.
კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, კანონმდებლებმა, მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ბერდია ბერიშვილის მარანი, ელიას მთაზე ტერასულად გაშენებული ვენახები, რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ძველი გერმანული ღვინის სახლი კატერინფელდის უბანში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დაათვალიერეს ასევე კოოპერატივი „დისველი“ - ყველის გადამამუშავებელი საწარმო.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, რომელიც ამავდროულად გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა, ეს ობიექტი ნამდვილად აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ იგი ქალების მიერ არის დაფუძნებული.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ქალების კოოპერატივი, რომელიც 1990-ინი წლებიდან მოქმედებს და, ფაქტობრივად, განვითარების ყველაზე აქტუალურ ეტაპს ახლა, ამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. კოოპერატივის არსიდან გამომდინარე, მათ ყველის გადამამუშავებელი საწარმოს დაფინანსება მიიღეს, მათ შორის, იმ დანადგარების და ხაზებისთვის, რომლებიც აუცილებელია მაღალი ხარისხის და სათანადო სტანდარტის ყველის საწარმოებლად. ისინი მართალია განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზე არიან, მაგრამ ამ მომენტისათვის დგას საკითხი საწარმოს კიდევ უფრო განვითარების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტი კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომ ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი, ან ბარიერი, რაც კოოპერატივების განვითარებას უშლის ხელს, მაქსიმალურად იქნეს აღმოფხვრილი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.