იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარკ კლეიტონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები განიხილეს. ანრი ოხანაშვილმა სტუმარს სამართლებრივი რეფორმების თვალსაზრისით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმები გააცნო.
მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.
„ისტორიულად, პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია. ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოში ინტეგრაციას. დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტკიცე პარტნიორია ქვეყნის დემოკრატიული განმტკიცების თვალსაზრისით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ამილახვარი.