საპატრიარქოში მეუფე შიოს ინიციატივით „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სუიციდის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური, ფსიქოლოგები, საპატრიარქოს წარმომადგენლები.
„ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საჭიროა მყისიერი რეაგირება, რათა არ დარჩეს საზოგადოებისთვის გამოწვევად და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს ყველა შესაძლო რეაგირება, რაც კი შეიძლება არსებობდეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გუგული მაღრაძის განცხადებით, საჭიროა შეიქმნას ერთიანი სისტემა, რომელშიც ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, საპატრიარქოს, პარლამენტს, ფსიქოლოგთა საზოგადოებას, განათლების, ჯანდაცვის, სამართალდამცავ ორგანოებს განესაზღვრებათ მუშაობის სფერო.
„სისტემის შიგნით უნდა იყოს მუდმივი კოორდინაცია, რომ მოხდეს რესურსების სწორი გამოყენება ჩვენი დროის ამ ერთ-ერთ ურთულეს პრობლემასთან გასამკლავებლად. აუცილებელია მასწავლებლების, მშობლების, მოსწავლეებისთვის სისტემატურად მიმდინარეობდეს სავალდებულო და საყოველთაო სწავლება და ტრენინგები სუიციდთან დაკავშირებული ქცევითი მიდრეკილებების დროულად შემჩნევისა და პრევენციისათვის. სუიციდს წინ უსწრებს გარკვეული ცვლილებები ადამიანის, კერძოდ, ამ შემთხვევაში მოზარდის ქცევებში, რისი დაკვირვებაც შესაძლებელია, თუ მოზარდთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს აქვს გარკვეული ცოდნა და უნარები დროულად შეამჩნიონ ეს ცვლილებები და მიიღონ შესაბამისი ზომები პრევენციისათვის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საინფორმაციო საშუალებების უდიდეს პასუხისმგებლობას სუიციდის პრობლემასთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ უნდა გაიზარდოს მედიის პასუხისმგებლობა ამ მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით.