პარლამენტის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიასთან ერთად რუსთავის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დღის ცენტრების სერვისებზე ინფორმაცია მოისმინეს და პრევენციული ზომების გატარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ ოჯახის გაძლიერების სერვისების გაუმჯობესებისთვის და ბავშვის საჭიროებებზე მყისიერი რეაგირებისთვის ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ერთობლივ, კოორდინირებულ მუშაობას განახორციელებენ.
„ბავშვთა უფლებების დაცვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი სამუშაო შეხვედრა და შესაბამისი ობიექტების დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტთან კომუნიკაცია საშუალებას მოგვცემს ის სერვისები, რომლებიც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების დონეზე გვაქვს და უშუალოდ ბავშვებს, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და უფლებების დაცვას ეხებათ, ქალაქ რუსთავში უფრო მეტად იყოს მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პირმა, ვინც ბავშვთა საკითხებზე მუშაობს ეფექტურად განახორციელოს თავისი საქმიანობა და ერთმანეთთან მეტი კომუნიკაცია განახორციელონ“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ბავშვთა დღის ცენტრებში განხორციელებული სამუშაო ვიზიტი და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ შეაფასა.
„ჩვენი მიზანია ადგილზე მოვინახულოთ დღის ცენტრები და გავეცნოთ იმ სერვისებს, რომლებსაც აღნიშნული ობიექტები არასრულწლოვანებისთვის ახორციელებენ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად ვიმსჯელებთ რა გამოწვევებია ამ კუთხით და რა უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების“ კოდექსი შედარებით ახალი მიღებულია და ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ კოდექსის სათანადო აღსრულება და ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტებს დავეხმაროთ თავიანთი ვალდებულებების სწორად და ეფექტიანად შესრულებაში“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ბავშვთა დღის ცენტრების და თავშესაფრის მონახულების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია ტაბაღუასთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა მუნიციპალიტეტის ვალდებულებებსა და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მათი საქმიანობის შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.