დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია კომიტეტის წევრებთან ერთად, ახალგაზრდული პარლამენტის ადმინისტრაციის, ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა და კომიტეტის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ამ მხრივ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო ხელშემწყობ პროექტებზე. ასევე, ისაუბრა კავკასიელ ხალხთან ურთიერთობაზე და მის მნიშვნელობაზე.
შეხვედრისას, ისაუბრეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე. ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა კოვიდ პანდემიის გამო ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და ამ გამოწვევების დასაძლევად, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრისას, მიმოიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და ზოგადად, არსებული ვითარება.
კომიტეტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს ესაუბრა ქვეყნის სამომავლო იმ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადის გაკეთებას გეგმავს.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას ხაზი გაუსვა განათლების და განათლებული ახალგაზრდების მნიშვნელობას, ამ კონტექსტში იგი ესაუბრა სტუდენტებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც მათ როგორც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ასევე, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით ეძლევათ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს, რომლებიც ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.
„დღეს ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძალიან ნიჭიერი, კონსტრუქციული და ჯანსაღი კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული ადამიანები არიან. მათ შორის, მათ აინტერესებთ ყველა აქტუალური მიმართულება. პრაქტიკულად, ყველა თემაზე იქნა დასმული შეკითხვები. ინტერაქცია იყო ძალიან აქტიური. დაგეგმილი 45-წუთიანი შეხვედრა საათი და 35 წუთი გაგრძელდა, რაც თავისთავად ცხადყოფს იმას, რომ ინტერესი მაღალი იყო“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბექა ოდიშარიამ.