პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემები იყო ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
„მოხარული ვარ, რომ დღეს საქმიანი შეხვედრა მქონდა ჩემი დიდი ხნის მეგობართან, გამოცდილ დიპლომატთან, საქართველოს ელჩთან ირლანდიაში, ბატონ გიორგი ზურაბაშვილთან. ჩვენ, პირველ რიგში, მიმოვიხილეთ ქართული დიასპორის საკითხები. მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი არჩევის შემდეგ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვედრა დუბლინში ქართველ ემიგრანტებთან მქონდა, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელი იყო. იმ დროისთვის, ირლანდიაში ქართული დიასპორული ორგანიზაცია სტრუქტურულ ერთეულად არ იყო შექმნილი. ჩვენი რეკომენდაციის და თხოვნის შესაბამისად ეს ორგანიზაცია უკვე შეიქმნა, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და მოხარული ვარ, რომ ორგანიზაციას საქართველოს საელჩოსთან მჭიდროდ თანამშრომლობა აქვს. შესაბამისად, შევაჯამეთ განვლილი პერიოდი და ბუნებრივია, დავსახეთ სამომავლო გეგმები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ირლანდია თავისი პოლიტიკური ხედვებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა ევროპაში.
„ირლანდია ნატოს არაწევრი ქვეყანაა და ამავე დროს, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარია. შესაბამისად, ამ ქვეყნის გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოდელის. საქართველოს და ირლანდიას ბევრი მსგავსება აქვთ როგორც ლანდშაფტის, ასევე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, თუმცა ჩვენგან განსხვავებით ირლანდიას უძლიერესი დიასპორა ჰყავს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე, რომ მრავალმხრივ ძალიან საინტერესოა ამ ქვეყანასთან ურთიერთობა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.