„გვინდა, მაქსიმალურად მოვახერხოთ და შევუმსუბუქოთ ეს მძიმე ყოფა ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა, ადგილსამყოფელ ქვეყნებში აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად, იქნება მიღებული მიდგომები და გადაწყვეტილებები თითოეული ქვეყნის მიხედვით. მათთან არ წყდება მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია“, - ამის შესახებ განცხადება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ გააკეთა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელებისა და გამოცხადებული პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და ამ კუთხით საზღვარგარეთ მცხოვრები/მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორელების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოისმინეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა მუხრან გულაღაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგენლებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ და ასევე დეტალურად ისაუბრეს მათთვის ქართული სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ.
„ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეჟიმზეა გადასული საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო სფეროსა და სამართალდამცავების მსგავსად, საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საკონსულოები, საელჩოები და თითოეული დიპლომატი, რომელიც იმყოფება უცხოეთში მისიებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არიან მუდმივ კავშირზე დიასპორულ ორგანიზაციებთან, სასულიერო პირებთან, საპატიო კონსულებთან, ახალგაზრდა ელჩებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და ინსტიტუციებთან, რომელიც გაგვაჩნია საზღვარგარეთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხშირ შემთხვევაში გართულებულია მედპერსონალთან წვდომა, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად იგეგმება და მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ -კონსულტაციები.
„ვიმედოვნებ, რომ როდესაც ასეთი მაღალი კონსოლიდირებაა სახელმწიფო სტრუქტურებში და ასეთი მაღალია სოლიდარობა საზოგადოებაში, ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უახლოეს მომავალში ამ პრობლემას დავძლევთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.