საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განიხილეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია მსოფლიო პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან და ითვალისწინებს ცვლილებას, რომელიც ბიზნესისთვისაა მნიშვნელოვანი და არსებულ მდგომარეობაზეა მორგებული.
კერძოდ, კანონპროექტით ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49³-ე მუხლის რედაქტირება, რომლითაც გაჩნდება ზოგადი საფუძველი იმ შემთხვევაში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის მიზეზით, გართულდება ან შეუძლებელი გახდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო, საკუთრებაში გადაცემის, მართვის უფლებით გადაცემის, სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება შესაბამისი კონტრაჰენტის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება, ქონების მმართველის წარდგინებით, მიიღოს საქართველოს მთავრობამ, ამავე პირის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.
მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით: „პრინციპების დონეზე კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ პროექტს, რადგან ეს არის კერძო სექტორის, პანდემიით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერა იმისთვის, რომ შეძლონ იმ ვალდებულებებიდან სწორედ გამოსვლა, რომელიც დღეს სახელმწიფოს მიმართ გააჩნიათ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მეორე მოსმენისთვის ეს გაწერილი იყოს სექტორების მიხედვით“.
სხდომაზე იმსჯელეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილის“ თაობაზე. ხელშეკრულების ცვლილების პროექტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა განსახილველად.
ცვლილებით ხანგრძლივდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვისა და გამოყენების ვადა და ის გადაიწევს 2024 წლის 23 დეკემბრამდე.
შესაბამისად, უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან და მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში განხორციელდება ქუთაისში წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტი.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ხელშეკრულებაში ცვლილების პროექტს.