საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით ბაქრაძემ ქვეყნის ახალი გენერალური აუდიტორი თანამშრომლებს წარუდგინა

მედია და საზოგადოება 26 ივლისი 2012

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისში ქვეყნის ახალი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.
შემოდგომიდან, მაკონტროლებელი უწყების ძირითადი ნაწილი სწორედ ქუთაისში გადავა.
,,აუდიტის სამსახური ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს და დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სამსახური არა მარტო იცავდეს და აღასრულებდეს კანონს, არამედ აკეთებდეს იმას, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს რაც შეიძლება ნაკლები კითხვა, რომ დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მეტი კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განხადებით, ადამიანთა უფლებათა დაცვის კუთხით, მრავალწლიანი გამოცდილება ლაშა თორდიას გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მეტად წაადგება.

,,ახალი ხელმძღვანელი ლაშა თორდია წლების მანძილზე პარლამენტში სწორედ ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობდა და ამ თვალსაზრისით, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის. ვფიქრობ, ის შეძლებს ამ გამოცდილების პოზიტიურად გამოყენებას აუდიტის სამსახურში“.
ლაშა თორდიას განცხადებით, ობიექტურობა ამ სამსახურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი იქნება.