პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი დილის 9 საათზე მთაწმინდის 27-ე უბანზე დააფიქსირა. იგი უბანზე მეუღლესთან, მაკა მეტრეველთან ერთად მივიდა.
,,დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს და ამ არჩევანის შედეგად მოგებული აღმოჩნდება მთლიანად ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ხმა მივეცი საქართველოს წინსვლას, მე ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას და ხმა მივეცი საქართველოს ჩამოყალიბებას იმ ქვეყანად, სადაც ადამიანები უკეთ ცხოვრობენ და ნაკლები პრობლემები აქვთ“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობაა. -,,ყველა უბანზე არის დიდი რაოდენობა დამკვირვებლების არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ყველა უბანზე იქნება ძალიან დიდი რაოდენობა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასე რომ სერიოზულ დარღვევებს გამოვრიცხავ.ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს, ყველა საარჩევნო კომისიის წევრი, ასევე უწყებათაშორისი ჯგუფი. არსებობს ნაციონალურ მოძრაობაში თავად შიგნით შექმნილი ჯგუფი, რომელიც რეაგირებას მოახდენს ყველა პრობლემაზე. ნებისმიერი პრობლემა იქნება უსწრაფესად გამოსწორებული. იმედი მაქვს, რომ არ იქნებიან ადამიანები, მათ შორის არც მედიაში, ვინც ხელოვნურად შეეცდებიან იმის წარმოჩენას, რომ სადღაც პრობლემაა, ეს არჩევნები ემსახურება დღეს ჩვენს ქვეყანას“.