საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით სონღულაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 იანვარი 2021
დავით სონღულაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო არსებული პოტენციალის შემდგომ კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას.  

დავით სონღულაშვილმა, ელჩს კომიტეტის მიმდინარე საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, პანდემიის ნეგატიური გავლენა სხვადასხვა სექტორზე. დავით სონღულაშვილმა ანდრიუს კალინდრას  პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ლიეტუვის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მხრიდან მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა. აგრეთვე,  პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისა და ვაქცინაციის დროულად განხორციელების პროცესში, ლიეტუვის მაქსიმალურ ჩართულობასა და მხარდაჭერას დაპირდა.