დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღნიშნული დარგის წარმომადგენლები დგანან.
სამუშაო შეხვედრაზე მეწარმეების მხრიდან გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები და მიმართულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით სონღულაშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ კომიტეტის საქმიანობის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება მათ პრობლემების მოგვარებაში და ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ბიზნესს არ დააზარალებს, შეუქმნის უკეთეს პირობებს, რაც ასევე სახელმწიფოსთვისაც იქნება მისაღები.
განსაკუთრებულად გაესვა ხაზი მსგავსი სამუშაო შეხვედრების გამართვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება ანალოგიური ფორმატის შეხვედრები.
დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტი ყოველთვის იქნება ღია ყველა იმ საკითხის განხილვისთვის, რაც ხელს შეუწყობს დარგების ტრანსფორმაციას და წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.