შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესში HR სპეციალისტები ჩაერთნენ. კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრა გამართა ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტებთან და ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოსაზრება მოისმინა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს. დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების ჩართულობა განხილვების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენლები იცავენ როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლების უფლებებს.
„მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები ჩართულები იყვნენ განხილვის პროცესში, რადგან მათი პროფესია სწორედ დასაქმებულების და დამსაქმებლების ინტერესების დაცვას ეხება. სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენლები ცდილობენ, გააუმჯობესონ შრომითი უფლებები და შრომითი პირობები იმისათვის, რომ კომპანიას უფრო მეტი მოგება ჰქონდეს. სწორედ ამ პროგრესული მიდგომის შედეგად, ბიზნესი ვითარდება და აღწევს წარმატებას“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
კანონპროექტის ავტორების ინიციატივით, შრომის ახალი კოდექსის განხილვის პროცესში HR ასოციაცია ჩაერთო, რასაც მიესალმებიან ასოციაციაშიც. ასოციაციის პრეზიდენტი სერგო ნოზაძე განმარტავს, რომ ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების ჩართულობა პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ გამოცდილება, კანონი აღსრულებაში მოიყვანონ.
„მნიშვნელოვანია, რომ HR პროფესიონალთა ასოციაცია ოფიციალურად ჩაერთო კანონპროექტის განხილვის პროცესში. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მხარის თანაბარი ჩართულობით მივიღებთ საუკეთესო შედეგს, ახალი ინიციატივის დახვეწის თვალსაზრისით. HR პროფესიონალები ორგანიზაციაში დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შუამავლები არიან და მათი მოვალეობაა შრომის კოდექსის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესი. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათი სიტყვა და პრაქტიკული გამოცდილება გაზიარებული იყოს ამ პროცესში. ვფიქრობთ, თანაბარი ჩართულობით მიიღწევა საუკეთესო შედეგი“, - აცხადებს HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტი სერგო ნოზაძე.
დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კანონპროექტის ინიციატორებმა ცვლილებათა პაკეტი რამდენჯერმე განიხილეს. მრავალმხრივ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს ასოციაციების წევრებმა, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო სექტორმა. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან მომავალშიც იგეგმება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.