2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დასკვნის იმ თავს დაეთმო, სადაც სკოლაში უსაფრთხოების საკითხებზეა საუბარი.
„ამ თავის მოსამზადებლად კომისიამ მთელი რიგი ღონისძიებები ჩაატარა. შევხვდით 51-ე სკოლის მანდატურებს, მასწავლებლებს, დირექტორს, სასწავლო ნაწილის გამგეს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის და თბილისის 27-ე საჯარო სკოლის დირექტორებს. მასალები გამოვითხოვეთ როგორც განათლების სამინისტროდან, ასევე სკოლებიდან და სწორედ ამის შედეგად მიღებული ინფორმაცია იქნება ასახული კომისიის დასკვნაში“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ.
აღნიშნული მასალები დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრმა, სერგო რატიანმა წარადგინა.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა 2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლის წინ დაწყებულ, შემდეგ ბაქრაძისა და ბოლოს, ხორავას ქუჩაზე გადანაცვლებულ კონფლიქტზე. სხდომაზე ასევე, წარმოდგენილი იყო სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ფოტომასალა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი მასალისა და ზოგადად, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
„გაწეული საქმიანობის შედეგად, კომისიამ რამდენიმე მიგნება გააკეთა. ეს კონფლიქტი არის გამოვლინება იმისა, რაც სამწუხაროდ ხდება დღეს სკოლებში - ბულინგი, იარაღის ტარება, გაკვეთილების ჩაშლა და სხვა. ამ ინციდენტის პრევენცია შეიძლებოდა, სკოლის მანდატურებს და ადმინისტრაციას ჯეროვნად რომ შეესრულებინათ თავიანი ფუნქცია. ასევე, გამოიკვეთა პრობლემა განათლების სამინისტროს მხრიდან მომხდარი ფაქტის მოკვლევის თვალსაზრისით. არის რეფერირების და რეაგირების პრობლემა როგორც შინაგან საქმეთა, ასევე განათლების სამინისტროს მხრიდან“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ შემაჯამებელი გამოსვლისას.
მისივე თქმით, კომისია გადავიდა მუშაობის მნიშვნელოვან ეტაპზე, რადგან 5 სექტემბერს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
დღევანდელ სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ დასწრებიან.
კომისიის მორიგი სხდომა ხვალ, 3 სექტემბერს გაიმართება და დასკვნის იმ ნაწილზე იმსჯელებენ, სადაც რეკომენდაციებია წარმოდგენილი.