კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდა თაობის კულტურული მიმართულებებით ჩართულობის გაზრდასა და კულტურის პოპულარიზაციის საკითხებზე ისაუბრეს.
როგორც ცნობილია, გიორგი რამიშვილის და „სილქ როუდ ჯგუფის“ მეოხებით განხორციელდა კახეთში ჭავჭავაძეების საგვარეულო ისტორიული მამულის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც წინანდალი კვლავ კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცა.
„ბოლო წლებში ჭავჭავაძეების მამულში დაარსდა კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომლის მიზანია წინანდალში საერთაშორისო კულტურული პლატფორმის შექმნა, სადაც კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, სახელოვანი პედაგოგები და რეგიონის ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები ყოველწლიურად ერთობლივ კონცერტებსა და მასტერკლასებს ატარებენ. შეხვედრაზე განვიხილეთ ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობის საკითხები წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, ასევე, კულტურის პოპულარიზაციის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.