საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართული ორდღიანი შეხვედრები მედიასთან დღეს, ევროპის საბჭოს ექსპერტმა ჯოსეფ ა. კანატაჩმა, ვახტანგ ხმალაძემ და შალვა შავგულიძემ ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა შავგულიძის განმარტებით, საკითხის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ დიდი ოდენობით პერსონალური ინფორმაციის შემცველი მასალების არსებობის და დაგროვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე პრაქტიკულად არ იყო დარეგულირებული და თუ არსებობდა რაიმე რეგულაცია, ის ხარვეზიანი იყო. ,,ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებს ევალებოდათ, რომ ყველას უნდა უზრუნველეყო მუდმივი მიერთება სამართალდმცავ ორგანოებთან, კერძოდ შსს-თან და ფაქტიურად არსებობდა ისეთი მუდმივი ხაზი, რომლის მეშვეობითაც რეალურ დროში შესაძლებელი იყო ამა თუ იმ ელექტრონული საკომუნიკაციო კომპანიის აბონენტის მიერ განხორცილებული კომუნიკაციის როგორც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, ასევე ამ კომუნიკაციის შინაარსის მიწოდება შსს-თვის. ეს არ არის ისეთი დიდი პრობლემა. ამას ითვალისწინებდა კიბერ დანაშაულის შესახებ ევროპული დირექტივა, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობა უნდა არსებობდეს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს ბოროტად იქნა გამოყენებული. გასაღები, რომლის მეშვეობითაც უნდა მომხდარიყო ინფორმაციის მიწოდება სამართალდამცავებისთვის, აღმოჩნდა თავად სამართალდამცავების ხელში. არსებობდა საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის თანახმად, სამართალდამცავებს უნდა მიემართათ სასამართლოსთვის, საიდანაც ფარულ მოსმენებზე ნებართვა უნდა მიეღოთ, მაგრამ კონტროლი ვერ ხორციელდებოდა. ნებართვის მიმღები იყო თავად სამართალდამცავი ორგანო და გასაღებიც მის ხელში იყო“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. მისივე თქმით, შემუშავდა ახალი სქემა. პასუხისმგებლობა და გასაღები გადადის თავად ელქტრონული კომუნიკაციის კომპანიის ხელში. ასე ხდება ეს ევროკავშირის უმეტეს ქვეყნაში. გარდა ამისა, ხდება კონტროლის მექანიზმის შემოღება - მიეწოდება რა ადრესატს, ანუ სამართალმდამცავ ორგანოებს ინფორმაცია, ეს აღირიცხება მაშინვე რეალურ დროში, მიდის სიგნალი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან და ამ უფლების გამცემ სასამართლოში. „კანონში პერსონალური ინფრომაციის შემცველი მასალის მოპოვება, შენახვა და განადგურება იქნება მკაცრად რეგლამენტირებული“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
როგორც ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ჯოსეფ ა. კანატაჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული კანონი უნდა შეიცვალოს. „რეფორმირება საჭიროა, ეს ცალსახაა. ნებისმიერი რეფორმა ფაქტებზე დაყრდნობილ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს, თუ როგორ გამოიყენება პირადი მონაცემები სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პოლიციის მიერ საქართველოში; უნდა იყოს შემოწმებული დაზვერვის და უშიშროების სამსახურები. ასეთი სიღრმისეული კვლევა საკითხთან დაკავშირებით არ ჩატარებულა. წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი სწორად არის შემუშავებული. აუცილებელია ის შეესაბამებოდეს N8715 ევროპულ კონვენციას, რომელიც პოლიციას და პირადი მონაცემების დაცვას ეხება“, - განაცხადა სტუმარმა. მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი იყო დამცავ მექანიზმებზე, რათა სწორად იყოს ბალანსი დაცული ერთი მხრივ, ადამიანების უფლებისა, ხოლო მეორე მხრივ კი, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ თავიანთი საქმიანობა სათანადოდ განახორციელონ.
„ეს იყო ძალიან გულღია შეხვედრა, სადაც გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები მომავალი შესაძლო სისტემის მიმართ. იყო აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა, მიდგომა და დამოკიდებულება ყველას მხრიდან, ვისთანაც კი გვქონდა შეხვედრები იყო პოზიტიური. ძირითად პრინციპებზე ყველა თანხმდება“, - განაცხადა ჯოსეფ ა. კანატაჩმა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, ფარულ ოპერატირულ ღონისძიებებთან დაკავშირებული კონფერენცია საპარლამენტო კომიტეტმა ევროპის საბჭოს საქართველოში წარმომადგენლობის დახმარებით გამართა.
ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტზე რეკომენდაციებს ევროპის საბჭოს ექსპერტი ჯოსეფ ა. კანატაჩი ორი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აცნობდა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვა მომდევნო კვირიდან დაიწყება.