თქვენო აღმატებულებავ საქართველოს პრეზიდენტო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
ძვირფასო სტუმრებო და კოლეგებო,
მსურს, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მოწოდებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ვემხრობით შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერი პარლამენტის შექმნას და ცენტრალური ხელისუფლების ზომიერ კონცენტრაციას.
დიახ, ამ შემთხვევაში არის ხელისუფლების ზეკონცენტრაციის საფრთხე, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ინსტიტუციები, პარტიული სტრუქტურები და სამოქალაქო საზოგადოება განვითარებულია, ზეკონცენტრაციის საფრთხე არ არსებობს და პირიქით: ჩემთვისაც აღმოჩენა გახდა სრულად პროპორციული სისტემების არაეფექტურობა განვითარებული დემოკრატიების მქონე ქვეყნებში. მაგალითად იტალიაში, რომელიც პროპორციული სისტემიდან შერეულ საარჩევნო სისტემას დაუბრუნდა. იგივე მოხდა მოლდოვაშიც - 11 წლის შემდეგ, მოლდოვა კვლავ უბრუნდება არჩევნების შერეულ მოდელს.
რა მოხდა ამ ქვეყნებში? პროპორციული საარჩევნო სისტემის გამო მათში ტრადიციულად ვერ ყალიბდებოდა ზომიერად კონცენტრირებული, ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება. შედეგი იყო მუდმივი პოლიტიკური კრიზისები, რაც იწვევდა ეკონომიკისა და განვითარების შეფერხებას ყველა მიმართულებით და ქვეყნისა და მოსახლეობის გაღარიბებას.
კონსტიტუციის ბოლო რედაქციის მიღების პროცესში, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ჩვენი შეხედულებების დასაცავად და იმ მოცემულობაში, როცა ჩვენი პოზიცია იყო მკვეთრ უმცირესობაში უმრავლესობის შიგნით, შევძელით მაქსიმუმი: მსგავსი საფრთხეები გადავავადეთ 2024 წლამდე. რადგან მსოფლიოში არსებობს შერეული საარჩევნო სისტემისკენ მიმართული ტენდენციები, იმედი გვაქვს, 2020 წლის პარლამენტი მიუბრუნდება ამ საკითხს და საარჩევნო მოდელი კვლავ შეიცვლება შერეული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ჩვენ ვემხრობით ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მოდელს.
ბატონებო, ჩვენ მოგვწონს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სივრცითი მოწყობის გეგმა. ეს ნიშნავს საქართველოს ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციას, რაც წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალას. შედეგად, გვაქვს ეკონომიკის ზრდის საშუალოზე ოდნავ უკეთესი ტემპი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი: ჩვენნაირი განვითარების დონის ქვეყნისთვის აუცილებელია გრძელვადიანი, არანაკლებ 7-8% -იანი ზრდის მაჩვენებელი.
საქართველოს ეკონომიკის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ჩამოყალიბდა საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, როგორც ბანკებსა და ბიზნესს შორის, ასევე ფინანსურ სექტორსა და მოსახლეობას შორის.
ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში, სანამ ინსტიტუციური მართვა ჩამოყალიბდება, ნიშანდობლივია ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ექსტრემალური გადახრების არსებობა და ამის ნათელი მაგალითია ეროვნული ბანკი. წინა წლებში ეროვნული ბანკის მართვაში შეინიშნებოდა ავტორიტარული მეთოდები და შესაძლოა, ეს გარკვეულწილად ეფექტურიც იყო.
ჩვენთან არსებული კანონმდებლობით, ისე როგორც მთელს მსოფლიოში, ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ინსტიტუტი. ჩნდება ეჭვი, რომ კომერციულმა ბანკებმა მოიპოვეს გავლენა ეროვნულ ბანკზე და ნაცვლად იმისა, რომ ეროვნული ბანკი ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ და ძლიერ ინსტიტუციად, ის მოექცა მსხვილი ბანკების გავლენის ქვეშ და გარკვეულწილად, იქცა მათი პოლიტიკის გამტარებლად.
რა მივიღეთ შედეგად?
2008 წლიდან ბანკებმა დაიწყეს აქტიური ინტერვენცია მათთვის არაპროფილურ ბიზნეს-სექტორებში. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა გასცა მითითება, რომელსაც უნდა შეეზღუდა ბანკების მონაწილეობა არაპროფილურ ბიზნესებში, დღეს სახეზეა შემდეგი მოცემულობა:
1. ბანკებს არ აქვთ მოტივაცია დააკრედიტონ გრძელვადიანი სესხებით ბიზნეს-სექტორი, რადგან ასეთი სესხებიდან ნაკლები შემოსავალი აქვთ;
2. ბანკები ჩამოყალიბდნენ ბიზნესის კონკურენტებად, ოღონდ ეს კონკურენცია არის უთანასწორო, არათანაზომიერი ფინანსური რესურსებისა და ბიზნეს-ინფორმაციის წვდომის პირობებში.
შედეგად, ბიზნესი დამატებითი ინვესტირებისგან თავს იკავებს, არ შედის ფინანსურ რისკებში და აფერხებს საკუთარი განვითარების ტემპებს. ანუ, ვიღებთ ეკონომიკის დამუხრუჭების კლასიკურ მაგალითს. დიახ, ბიზნესს აღარ აქვს ხელისუფლების შიში, მაგრამ მას გაუჩნდა ბანკების შიში და ეს შიში არის პირველი მუხრუჭი.
ფინანსურ სექტორში არსებული მდგომარეობა დიდ წნეხად აწვება მოსახლეობასაც. ხალხის შემოსავლების უდიდესი ნაწილი მიაქვთ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ონლაინ-სესხების კომპანიებს, აგრეთვე, ლომბარდებსა და კერძო იპოთეკარებს.
მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:
- ყოველი 1000-დან 700-მდე ადამიანს აქვს ბანკის ვალი და ამ ჭარბვალიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-2 ადგილზე ვართ.
- ქვეყანაში ჯამური წლიური შემოსავლის, ანუ ხელფასის 30%-მდე მიდის მხოლოდ საბანკო პროცენტის მომსახურებაზე. ამავდროულად, საშემოსავლო გადასახადი არის 20%. ანუ, ე.წ. საბანკო საშემოსავლო გადასახადი აღემატება სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადს ერთნახევარჯერ.
- ჯარიმებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები თითქმის გაუტოლდა საპროცენტო შემოსავლებს.
- უმოქმედო, ვადაგადაცილებული და ნეგატიური სესხების ჯამური რაოდენობა არის 1,3 მილიარდი ლარი.
ბანკების მიმართ შიშმა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა ჩვენი მოსახლეობა. დიახ, მოსახლეობას აღარ ეშინია მთავრობის, მაგრამ ეშინია ბანკების!
ზემოთ აღწერილმა მდგომარეობამ გამოიწვია ხალხის რეალური გაღატაკება, დაეცა მსყიდველუნარიანობა, რაც იქცა ეკონომიკის მეორე მუხრუჭად. ჩვენი გათვლით, ეს ორი მუხრუჭი იწვევს ეკონომიკის ყოველწლიური ზრდის მინიმუმ 3 %-იან დანაკარგს.
ამ მზარდ პრობლემატიკაზე ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე წელია. დრო კი ჩვენი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ მუშაობს!
გვჭირდება მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მთავრობას, პარლამენტსა და პირადად მეც გაგვაჩნია ხედვები ამ პრობლემების გადასაჭრელად. მათი მოგვარების გარეშე ნებისმიერი სამთავრობო ინიციატივა და რეფორმა, მიმართული გადასახადების შემცირებისკენ, თუ სასტარტო კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ, არაეფექტური ხდება. საბოლოო ჯამში, მთელი რესურსი მაინც ბანკებისკენ მიემართება და რეალური ეკონომიკა ვერ ვითარდება.
მხოლოდ მოკლე კომენტარი საპენსიო რეფორმაზე: იდეა კარგია, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, მგონია, რომ ერთადერთი, ვინც იხეირებს, ისევ ბანკებია.
მოკლედ ჯანდაცვის შესახებ:
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უდავოდ დიდი მონაპოვარია და საჭიროა მისი განვითარება ორი მიმართულებით:
- სამედიცინო სერვისების გაფართოება, მათ შორის მედიკამენტების კომპონენტის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით;
- ხარჯების ოპტიმიზაცია სახელმწიფო და კერძო სექტორების მიერ კონსოლიდირებული შესყიდვების დანერგვით.
ამ პროცესებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების განვითარება, როგორც ეს შეძლეს და განახორციელეს მეზობელ თურქეთში.
დადებითად ვაფასებთ კანონს თამბაქოს საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვის შესახებ. ეს ნორმა უდავოდ დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც კარდიოვასკულარული დაავადებების შემცირება 30-40%-ით, იწვევს მშპ-ს ზრდას
0,5-დან 1%-მდე. (დაახლოებით 200-300 მლნ ლარი წლიურად)
ორიოდე სიტყვა სოფლის მეურნეობაზე:
ჩვენ გვაქვს ღია ტიპის ეკონომიკა. ამასთან, უნდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული და მოქნილი, განსაკუთრებით სუსტად განვითარებული დარგების მიმართ. ვფიქრობთ, სახელმწიფომ მეტად უნდა დაიცვას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მწარმოებელი და არ უნდა შეგვეშინდეს სიტყვა "პროტექციონიზმის". ამ კონტექსტში, შეგახსენებთ აშშ-ში ამჟამად მიმდინარე პროცესებს, მიმართულს საკუთარი მწარმოებლების დაცვისაკენ.
ასაღორძინებელი და გასაძლიერებელია ის დარგები, რომლებიც ისტორიულად სოფლად ქმნიდა სამუშაო ადგილებს, მაგალითად: შაქრის ჭარხლის, თამბაქოს, მარცვლოვანი კულტურების, ციტრუსების და ა.შ. წარმოება-გადამუშავება. ამ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არც ადგილობრივ და არც საგარეო ბაზრებზე არ არსებობს.
მიგვაჩნია, რომ შესამუშავებელია დროებითი სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამები ამ კულტურების წარმოების ხელშესაწყობად. მაგალითი, რომ მსგავსი პროგრამები წარმატებული იქნება, ყურძნის სუბსიდირების პროგრამაა, რამაც მევენახეობას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა და ეს დარგი დღეს მზარდია ყველანაირი სუბსიდირების გარეშე.
ყველას გვახარებს ტურისტული ინდუსტრიის წინსვლა. მყარი და გრძელვადიანი განვითარების კუთხით, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ამ დარგისთვის აუცილებელი პირობაა ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის სტუმრების უსაფრთხოება.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში, შეინიშნება დანაშაულის მაჩვენებლების ზრდა. NUMBEO-ს "დანაშაულის ინდექსის" მიხედვით, გაგვიუარესდა სარეიტინგო მაჩვენებელი ერთი პუნქტით და მეექვსედან მეშვიდე ადგილზე გადავედით. ამას ადასტურებს შსს-ს მონაცემებიც: 2015 წელს იყო 35 000 რეგისტრირებული დანაშაული, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 38 000-მდე, ანუ 8%-ით.
ჩვენი ამოცანაა, რომ არ ჩამოყალიბდეს დანაშაულის მყარი და მზარდი ტენდენცია და აღნიშნული პროცესი კლებისკენ წავიდეს. ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ განახორციელოს ქმედითი პოლიტიკა შემდეგი მიდგომებით:
- მიუღებლობა კრიმინალის მიმართ;
- მიუღებლობა უსამართლობის მიმართ.
- მიუღებლობა ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული გაზრდილია 8%-ით, ჩვენ ვრჩებით უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო ავანგარდში, საპატიო მეშვიდე ადგილზე, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ეს უდავო მონაპოვარია და ამიტომ მომავალშიც უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მოტივაციის ზრდაზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ჩვენ ვართ ზედმეტად ლოიალურები, თუნდაც წვრილმანი დანაშაულის მიმართ, ამით ჩვენ ვარღვევთ მოსახლეობის დიდი ნაწილის კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.
მსმენია მოსაზრებები, მათ შორის პოლიტიკურ ისტებლიშმენტშიც, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს პატარა ეკონომიკა და ვერასდროს შევქმნით ისეთ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც გაუმკლავდება რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ეს მცდარი მიდგომაა. ჩვენ უნდა გვყავდეს მცირე ზომის, უაღრესად ეფექტური შეიარაღებული ძალები, რომლებიც საქართველოს სამხედრო ძალით დაჩაგვრას ძვირად დაუსვამენ ნებისმიერ მტერს. როცა ვამბობთ, რომ უნდა გავხდეთ ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრი და მივიღოთ მისგან უსაფრთხოების გარანტიები, ამავდროულად, მზად უნდა ვიყოთ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი კოლექტიურ უსაფრთხოებაში.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის კვლავ უსერიოზულეს გამოწვევად რჩება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები; იტაცებენ ჩვენი მოქალაქეებს, ხელყოფენ მათ სიცოცხლესა და ქონებას. ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს თანმიმდევრულ და მყარ საგარეო პოლიტიკას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხო განვითარება.
ქართველი ხალხისა და ხელისუფლების დიდი მიღწევაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება. ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან.
და ბოლოს: კვლავ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეკონომიკას აშენებს და სამუშაო ადგილებს ქმნის მეწარმე და არა მთავრობა ან ბანკი. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ სათანადო დაფასება და სახელმწიფოსა და საზოგადოების აღიარება.
ბატონო პრეზიდენტო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მიერ უამრავი დამსახურებული ადამიანი დაჯილდოვდა ბოლო წლებში, მათ შორის არ იყო არცერთი ბიზნესმენი. გვინდა ავაშენოთ ეკონომიკა და არ ვახალისებთ ბიზნესმენებს?! ჩვენს რეალობაში, როდესაც მეწარმე შექმნის კომპანიას და დაასაქმებს თუნდაც 200-300 ადამიანს, ის უნდა იყოს დაფასებული და მისი ეს წარმატება სათანადოდ უნდ იქნას აღიარებული და ფორმალიზებული, სახელმწიფო ჯილდოს სახით. ეს უმაღლესი არამატერიალური მოტივაციაა ამ ადამიანებისათვის.
მინდა, ოპტიმისტურად დავასრულო ჩემი გამოსვლა:
ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის წინაშე უამრავი სირთულე და პრობლემა დგას. ვფიქრობ, არსებული სიძნელეები უნდა განვიხილოთ არა როგორც დაუძლეველი ბარიერი, არამედ როგორც გამოწვევა, რომლის გადალახვაც წინ წაიყვანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის!