განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა.
სამოქმედო გეგმის თანახმად, კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და კანონშემოქმედებითი საქმიანობა; კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა; კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის საკითხები; ორგანიზაციული განვითარების საკითხები.
კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განათლების განვითარების გრძელვადიანი კონცეფციის შემუშავებაზე ისაუბრა.
„ჩვენი სურვილია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა და ჩვენმა კომიტეტმა განვსაზღვროთ კონცეფცია, თუ როგორ ხედავს წარმომადგნლობითი ორგანო გრძელვადიან პერსპექტივაში განათლების და მეცნიერების სისტემის განვითარებას, რომ უფრო სტაბილური და განჭვრეტადი იყოს ის რეფორმები, რომელიც განხორციელდება განათლების სფეროში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პუნქტად წარმოდგენილია განათლების კოდექსის შემუშავება.
„დღეს არსებობს სხვადასხვა კანონი, რომელიც არეგულირებს ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებას და ა.შ. კანონებს შორის სისტემური აცდენა არის ხოლმე და არსებობს იდეა, დიდი ხანია, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი იყოს ერთიანი კანონი, რომელიც შეეხება განათლების საკითხებს. ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩავდეთ სამოქმედო გეგმაში, რომ მოვიკვლიოთ რამდენად გამართლებული იქნება ასეთი ერთიანი კანონის თუ კოდექსის არსებობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
კომიტეტი გეგმავს ასევე გასვლით სხდომებსაც, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პროფესიული განათლების დაწესებულებებში.
კომიტეტის თავმჯდომარემ მომავალ სხდომაზე განსახილველი ორი საკითხიც დააანონსა, რომელის შეეხება საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოების შექმნას და თემატურ მოკვლევას.
სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შეფასებები გამოთქვეს დეპუტატებმა.
შალვა პაპუაშვილმა, სხდომის დასასრულს, თანამშრომლობის ფორმატზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კომიტეტი მზად არის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი დისკუსიისა და თანამშრომლობისთვის.