გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, ბრიფინგი გამართა.
კანონპროექტის მიხედვით, პირველ კატეგორიას მიკუთვნებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისებისა და მათში მშენებლობის განხორციელება იკრძალება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, აღნიშნული მწვანე ნარგავების ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებით. ასევე გათვალისწინებულია მე-2 და მე-3 კატეგორიას მიკუთვნებულ მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისებისა და მათზე მშენებლობის განხორციელებისას ჭრაზე ნებართვის გაცემის წესი და პირობები. კანონის პროექტით, ახლებურად განისაზღვრება ხე-მცენარეებისთვის აღდგენითი ღირებულებების დადგენის წესი. პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე განასაკუთრებული რეგულირების საკრეაციო ზონის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვის უფლება ექნება ქ. თბილისის მერს ქ. თბილისის საკრებულოსთან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
კანონპროექტრის მიზანია ქ. თბილისში და მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების პრივატიზაციისა და იქ არსებული მცენარეების ჭრის პირობების გამკაცრება, აგრეთვე ქალაქის ფარგლებში განსაკუთრებული რეკრიაციული ზონების შექმნის პროცედურაში საკრებულოს ჩართვა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე თბილისში კატასტროფული მდგომარეობაა მწვანე ნარგავების განადგურებასთან დაკავშირებით. ,,თბილისის პარკებში, ტყე-პარკებში და სკვერებში მასობრივად ხდება მრავალწლიანი მწვანე ნარგავების განადგურება, სადაც შემდგომში მშენებლობები მიმდინარეობს. განსაკუთრებით პრობლემატური გახდა ეს საკითხი მაშინ, როცა ინვესტორმა თბილისის მერიის თანხმობით გადაწყვიტა ვაკის პარკის შუაგულში აეშენებინა მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსი. ამისთვის სავარაუდოთ მშენებლებს დასჭირდებათ გზის გაკაფვა და ამისთვის მწვანე ნარგავების განადგურება ვაკის პარკის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემები ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე საკმაოდ ხშირია: ,,მე ვფქირობ უგულავს მმართველობის პერიოდში ყველა არსებული ნორმატივების დარღვევით გაცემული იყო უამრავი ლიცენზია მშენებლობებზე ტყე-პარკებში და რეკრეაციულ ზონებში“. გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, კანონმდებლობა მწვანე ნარგავებთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ეს აბსოლუტურად შეგნებულადაა გაკეთებული. ,,ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვმუშობდით ამ ცვლილებებზე. ვაღიარებ, რომ კანონპროექტი არის ერთგვარად დაგვიანებული. იმედი მქონდა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ბევრად უფრო აქტიურად იმუშავებდა ამ მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან სრულ თანხვედრაში იმუშავა და სწორედ ამ ორგანიზაციების დამსახურებაა, რომ თბილისში ბევრი მწვანე კუნძული შენარჩუნდა. ,,ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე სწორედ ამ ადამიანებმა და არა ვინმემ საქართველოს ამჟამინდელი ან ყოფილი ხელისუფლებიდან ან ამჟამინდელი მერიიდან შეინარჩუნა თბილისელებისთვის ვაკის პარკი“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.