ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი ამოქმედდა.
პროექტი, რომლის ღირებულება 1.5 მილიონი ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში განახლდა შენობა, მოეწყო ეზო, მინისტადიონი და კომპლექსამდე მისასვლელი გზა. ერთ სივრცეში მოექცა ხელბურთის, ჭიდაობის, კალათბურთის და ტრენაჟორების დარბაზები.
გახსნის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა სამხარაული, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში - გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თამარ ყეინიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კომპლექსში სპორტული ცხოვრების მოყვარულებს საშუალება ექნებათ ივარჯიშონ კეთიჺმოწყობილ გარემოში. მნიშვნელოვანია, რომ აქ შეიქმნა ყველა პირობა სპორტის ბევრ სახეობაში ტურნირების, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ჩასატარებლად“, - განაცხადა ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა.