ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული თელავში „ჭაჭის ფესტივალს“ დაესწრო, რომელმაც თეატრალური წარმოდგენებით მე-18 საუკუნის კახეთი გააცოცხლა და ქართული სპირტიანი სასმელების პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო.
ფესტივალი სიმღერით „ბალადა ვაზზე“ მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ გახსნა. კახური ფოლკლორული ჯგუფების მიერ შესრულდა მრავალხმიანი კახური სიმღერები და კაფიები.
გაიმართა კახური ბაზარი და დიდი კახური „ზაოდობა“, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო. ფესტივალში მონაწილეობა ქართული ჭაჭის მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს. გაიმართა კონკურსი, რომელმაც საუკეთესო ჭაჭის მწარმოებელი გამოავლინა.
გელა სამხარაულის განცხადებით: „ქართული ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის პოპულარიზაციას, პროდუქციის ხარისხის და ექსპორტის ზრდას სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნება. ეს ორიგინალური ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. ბევრი სახასიათო პროდუქცია გვაქვს, რომელიც კავშირშია ჩვენს ისტორიასთან, კულტურასთან, ტრადიციებთან. ქართული ჭაჭაც ერთ-ერთი მათგანია. ვფიქრობ, ასეთი ფორმებით ამ პროდუქციის საზოგადოებისთვის წარდგენა კიდევ უფრო საინტერესოდ აქცევს მას, უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს და მათ საქართველოში ბევრჯერ დაბრუნების სურვილსაც გაუჩენს“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ჭაჭას რეკლამირებას პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძე გაუწევს.
„ჭაჭის ფესტივალი“ Check in Georgias ფარგლებში, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.