პარლამენტის წევრი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ღვინის ერონვული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოჟიოსა და მაღრაანში მეღვინეებს შეხვდა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ბაზრების ხელმისაწვდომობასა და ღვინის უპრეცედენტოდ გაზრდილ ექსპორტზე. ხოლო ძირითადი აქცენტი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების უპირატესობაზე გაკეთდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ექსპორტის ზრდის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
გელა სამხარაულის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქციის წარმოებას და საერთაშორისო ბაზრებზე მათ მხარდაჭერას.
„ამ მხრივ საკმაოდ შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა. აღდგენილია უძველესი ქართული ისტორიული ჯიშები. ოფიციალურად რეგისტრირებულია 18-ზე მეტი დასახელების ადგილწარმოშობის ღვინო და მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. ჩვენი რეგიონის სოფლები ამ მხრივ გამორჩეულია, მთავარია რესურსი, რაც გაგვაჩნია, ავითვისოთ და ვიყოთ უფრო პროდუქტიულები. ჩვენ ვეცდებით უფრო მეტი ტერიტორია მოექცეს სპეც. ზონის სტატუსის ქვეშ და ხელი შეგიწყოთ სპეციფიური, გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე, უნიკალური პროდუქციის წარმოებაში. სოციალურ -ეკონომიკური ფატორთან ერთად, ეს პროცესი დარგის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა გელა სამხარაულმა.