თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლალისყურსა და ლაფანყურში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და ამიერიდან მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მიეცა.
პარლამენტის წევრი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, კახეთის მხარის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან, თელავის მუციპალიტეტის მერ შოთა ნარეკლიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ამ სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, საჩუქრად გაზქურები გადასცეს.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლებს განცხადების საფუძველზე, დღესვე შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას ქსელში ჩართვის მოთხოვნით. მათ ასევე, საშუალება ექნებათ ისარგებლონ კომპანიის შიდა განვადებით, რაც ხელს შეუწყობს გაზმომარაგების პროცესის დაჩქარებას და გაზრდის აღნიშნული სერვისით სარგებლობის ხელმისაწვდომობას.
2020 წლის პირველი ნახევრიდან ბუნებრივი აირით სარგებლობას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების - არაშენდას, ახშანისა და ახშნის ველების მოსახლეობაც შეძლებს. აქ გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. გაზის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა დასრულებულია სოფელ ფშაველშიც. ამჟამად მიმდინარეობს ქსელის დამატებითი სამშენებლო სამუშაოები.