საქართველოს პარლამენტის წევრი, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული სოფელ ქვემო ალვანში მეცხვარეებს შეხვდა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, მისთვის კარგად ნაცნობია ის პრობლემები, რომლის წინაშეც ეს დარგი დღეს რეალურად დგას. მისივე აზრით, წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემური საკითხების მოგვარება ეტაპობრივად უნდა მოხდეს, პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით.
„ჩვენ კარგად გვესმის ტრადიციული დარგის არსებობის აუცილებლობა და განვითარების მნიშვნელობა. ადგილობრივ ჯიშობრივ რესურსს შენარჩუნება სჭირდება. საჭიროა მეტი ხელშეწყობა და მოტივაცია ახალგაზრდა მეცხვარეებისთვის, რომ უფრო მეტს გაუჩნდეს ამ ისტორიული საკულტო ცხოველის მოშენების სურვილი, რაც სამეურნეო-საწარმოო სარგებლიანობის თვალსაზრისით, ჩვენს კუთხეს მრავალმხრივ განავითარებს“ - განაცხადა გელა სამხარაულმა.