განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და COVID-19 -ით გამოწვეული პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ აბიტურიენტების უსაფრთხოების შესახებ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„როგორც გუშინ, ასევე დღეს ვრწმუნდებით იმაში, რომ 6500-მდე აბიტურიენტი, რომლებიც მოდიან საგამოცდო ცენტრებში კოვიდ ინფექციით გამოწვეული პრობლემებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ერთადერთი ბარიერი, რომელიც მათ რჩებათ გადასალახი - ეს არის საგამოცდო ტესტი. მე მინდა ვუსურვო წარმატებები თითოეულ აბიტურიენტს, გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, კრიტიკულად აუცილებელია რეალიზებული და წარმატებული განათლებული თაობა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს თავს წარმატებით ართმევენ სახელმწიფო სტრუქტურები - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელთა დამსახურებით, აბიტურიენტები თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ.