განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს იუბილე მიულოცა.
გენადი მარგველაშვილი: „ჩვენ გვყავს საუკეთესო ახალგაზრდობა იმისათვის, რომ ააშენონ ქვეყნის მომავალი. ყველა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მათკენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სწორედ იმისათვის, რომ მომავალი ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და პოლიტიკაში ჩართვის იდეა იყოს აბსოლუტურად გარანტირებული. ჩვენ პატარა ერი ვართ და არ გვაქვს არც ნავთობი, არც ალმასები, არც განსაკუთრებული სიმდიდრეები. ეს სიმდიდრეები ჩვენს გონებაში უნდა იყოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი, რადგან იმ იდეას, რომელსაც ჩვენ განათლების იდეა დავარქვით, იმ იდეას, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად ფრთა უნდა შევასხათ, თუ განათლების ოთხივე საფეხურზე შესაბამისი ადამიანური რესურსი არ ეყოლება, ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ. თელავის უნივერსიტეტს წარმატება მინდა ვუსურვო“.
მან პარლამენტის სახელით „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა უნივერსიტეტს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მიიღეს.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი დაასაჩუქრეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყალთოს აკადემიისა და თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლის უდიდესი ტრადიციების გამგრძელებელია.
1939 წელს თელავში სამასწავლებლო ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, რომელიც მოგვიანებით პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. 1999 წელს კი მას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კახეთის რეგიონში ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.