განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
გენადი მარგველაშვილმა პრემიების მიღება მიულოცა მეცნიერებს და სამეცნიერო მოღვაწეობაში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ბედნიერებაა, როცა გათენებული ღამეები, შემეცნება და ცოდნა უფასდებათ ადამიანებს.
„ვულოცავ იმ მეცნიერებს, რომლებიც არიან ბენეფიციარები და განსაკუთრებით ვულოცავ იმ მეცნიერებს, რომლებმაც გაიმარჯვეს. ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიზრუნოთ მომავალი თაობების განვითარებაზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალგაზრდების განათლება, დასაქმება და პოლიტიკაში ჩართულობა გავააქტიუროთ მაღალ დონეზე და სტუდენტებისთვის განათლებაზე დაფუძნებული შეღავათები არსებობდეს. ამ მიმართულებით უნივერსიტეტებთან ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
ღონისძიებაზე პრემიები გადაეცათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს სოფიო კასრაძეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ზაქარია ნანობაშვილს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორს ირმა ბარათაშვილს.
საერთაშორისო პრემია 2017 წელს დაფუძნდა და გათვალისწინებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე წარმატებული მეცნიერებისთვის, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი აქტიურობით, სამეცნიერო ნაშრომებით, საერთაშორისო პროექტებითა და გამოქვეყნებული პუბლიკაციებით.