განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა „კავკასიის სახლის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციაზე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მისი თქმით, კავკასიური იდეის ირგვლივ გაერთიანება საქართველოს ნათესავ, მეგობარ ერებთან ერთად გაძლიერებას ნიშნავს.
„გადაარჩინე აფხაზეთი ნიშნავს, გადაარჩინე საქართველო, უშველე აფხაზურ ენას და ეთნოსს ნიშნავს უშველე საქართველოს. ეს მარტო აფხაზეთს არ ეხება, არამედ ეხება კავკასიის ყველა რეგიონის ხალხებს და ის იდეა, ის გზა, რომელიც დაისახეთ, სავსებით სწორია და აუცილებელია, რომ განხორციელდეს“ , - მიმართა მეცნიერებსა და მკვლევარებს გენადი მარგველაშვილმა.
მისი მოსაზრებით, ეროვნულ სასწავლო გეგმებში სწავლების ისტორიის ნაწილში წარმოსაჩენია არა მხოლოდ კონფლიქტები, არამედ ის ტრადიციული ნათესაური კავშირები, ჩაცმულობაში, სამზარეულოსა და ზოგადად კულტურული ხელოვნების მიმართულებით არსებული მსგავსებები. „ეს მსგავსებები აუცილებლად მოგვაძებნინებს ძაფებს იმისათვის, რომ საბოლოოდ დავმეგობრდეთ და სამომავლოდ ვიყოთ ერთიანი არეალის ნაწილი’, - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება კონფლიქტებს, კომიტეტის თავმჯდომარის ხაზგასმით, ეს არის ტრაგედია, რომელთან დაკავშირებით მან გამოჩენილი ფილოსოფოსის, ჰეგელის სიტყვები გაიხსენა.
„პატარა ერები ომებს არ იწყებენ, რადგან ეს ყველა ვარიანტში დამაზიანებელია პატარა ერისთვის, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი. აუცილებელია ერთმანეთის გულებისკენ მიმავალი გზა მოიძებნოს. ეს უნდა იყოს მართალი და გამჭვირვალე გზა. სიმართლეს კი ალტერნატივა არ აქვს ამ შემთხვევაში“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
მისი მოსაზრებით, რაც შეიძლება მშვიდობიანად და რბილად უნდა მოხდეს შერიგება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში. მან სურვილი გამოთქვა, საქართველოს პარლამენტში მოხდეს ამ კვლევის შედეგების განხილვა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე. მან ყურადღება გაამახვილა კვლევის სახელწოდებაზე - „ომით გაყოფილი ისტორია“
„ომით გაყოფილობის გამო ძალიან ძნელია ობიექტური იყოს ერთი ან მეორე მხარე. სწორედ ეს არის პრივილეგია სამოქალაქო სექტორის მკვლევარების, რომ უფრო ობიექტურად შეხედონ იმას, რაც ხდება, რისი ფუფუნებაც პოლიტიკოსებს არ გვაქვს ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტად ვითვალისწინებთ საზოგადოებრივ აზრებს“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
მისი მოსაზრებით, მისასალმებელია ამ ტიპის კვლევები, როცა ყველა მეცნიერისა და მკვლევარის პოზიციაა წარმოჩენილი. დეპუტატის განცხადებით, ისტორიის სწავლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის აყალიბებს ახალგაზრდების და საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ.
„ძნელია ქართველი მეცნიერისთვის, იყოს ობიექტური, ასევე რთულია აფხაზი ან ოსი მეცნიერისთვის, იყოს ობიექტური, მით უმეტეს, როცა ის, რაც მოხდა, კერაც არ არის შეხორცებული და ჯერჯერობით ისევ ღია ჭრილობაა. მისასალმებელია მცდელობა იმისა, რომ ობიექტურად იყოს გაანალიზებული ისტორიის სწავლება და მივიდეთ იქნებ შეთანხმებამდე გარკვეული ფაქტების განზოგადების გზით. თუ ასეთი ტიპის კვლევები და ასეთი ტიპის ცოდნა ექნებათ ადამიანებს, ისინი უკეთ დაინახავენ, რაშია საქმე და აღარ წამოეგებიან იაფფასიან პროვოკაციებს. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც მოწმობს, რომ გამუდმებით კონფლიქტებში ვართ. ვიცით, რომ არ არსებობს საზოგადოება კონფლიქტის გარეშე, მაგრამ როცა საზოგადოების ნაწილი აღჭურვილია ცოდნით, თუ რა არის ეს კონფლიქტები, ასეთ შემთხევაში, ჩვენ შეიძლება ყველა კონფლიქტი ვერ ავირიდოთ, მაგრამ გარკვეული პრევენცია მოვახდინოთ. და თუ მაინც წარმოიშობა კონფლიქტი, დავინახოთ გზები, რომელიც კონფლიქტს ესკალაციის შესაძლებლობას არ მისცემს და რაღაც ეტაპზე მაინც შევწყვიტოთ“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.