განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
„განათლების ის ეროვნული იდეა, რომელზეც ჩვენ ყურადღებას სისტემატურად ვამახვილებთ, სრულიად აუცილებელია იმისათვის, რომ სამომავლოდ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მოხდეს განათლების ოთხივე საფეხურზე ჩართულობით, რომლის დამაგვირგვინებელი არის მეცნიერება, ზუსტი მათემატიკით დასახვეწი დასანერგი და განსახორციელებელი. თუ პარლამენტის მხრიდან შევხედავთ, განათლების ოთხივე საფეხურზე ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს არის სკოლამდელი განათლების რეფორმა, რომელიც განმსჭვალულია იაკობ გოგებაშვილის იდეით, რომ სჯობს ბავშვს მისცე შესაძლებლობა, რომ შექმნას სათამაშო, ვიდრე პირდაპირ სათამაშო მისცე. ასევე დიდი ნაბიჯები გადავდგით ზოგადი განათლების მიმართულებით - ესაა პედაგოგების ღირსეული გაცილება თუ ახალი კადრების შემოსვლა, ეროვნული სასწავლო გეგმის იმ დონის ტრანსფორმაცია, როცა მოზარდებს დამოუკიდებელი აზროვნების შესაძლებლობა ეძლევათ და სკოლაში წასვლა მათთვის საინტერესო ხდება. მნიშვნელოვანია უჩიხო პროფესიული განათლების რეფორმა. მისასალმებელია უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ENQA-ში 5 წლით გაწევრიანება, ასევე ჩვენი სამეცნიერო სივრცის EURAXESS-ში გაწევრიანება, მეცნიერებისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიზალიბერალიზაცია. სწორედ განათლების ამ საფეხურებს სჭირდება ღრმა მეცნიერული კვლევა. უნდა არსებობდეს რუკა, სადაც თითოეული ჩვენგანი მონახავს თავის ადგილს განათლებაში. უნდა არსებობდეს მზა იდეა, რომლის ირგვლივაც თითოეული ჩვენგანი გაერთიანდება“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
ღონისძიებაზე ფონდის მიერ 2019 წელს განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შედეგები, 2020 წლის პრიორიტეტები და გეგმები წარმოადგინეს.