საქართველოს ხელოვნების სასახლეში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორის, გიორგი გეგეჭკორის შემოქმედებითი სახელოსნოს გამოფენა გაიხსნა. გამოფენის გახსნაზე სიტყვით პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი გამოვიდა.
„ჩვენ ვართ ყინწვისის ანგელოზის, სვეტიცხოვლის, „შენ ხარ ვენახის“, ქართული ცეკვის პატრონები. ევროპისთვის საინტერესო სწორედ ამ იდენტობით ვართ. ჩვენ ევროპულ ფასეულობებს ვერ გავითვალისწინებთ, თუ ჩვენსას დავივიწყებთ“, - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა
მისი თქმით, აუციელებელია, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავდეს მოიცავდეს ნიჭების აღმოჩენას და შემდეგ ამ ნიჭების რეალიზაციას, რომელიც იქნება არა მხოლოდ ხელოვნების მიმართულებით, არამედ სპორტის, სტემის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარული, მართვის და განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულებითაც.
„ეს წინ წაწევს ქართულ მენტალობას. ბავშვში ამ ნიჭების აღმოჩენა დროულად უნდა მოვახდინოთ. ახალგაზრდობას უნდა მივცეთ საკუთარი ხედვისა და თვალსაზრისის დაფიქსირების საშუალება, მეტი გასაქანი უნდა მივცეთ საკუთარი ნიჭების წარმოსაჩენად“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გენადი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების განათლების შემდეგ მათი დასაქმების მნიშვნელობაზე.
„განათლების შემდეგ, მოდის დასაქმება, დასაქმების შემდეგ კი ღირსეული პენსია. ამიტომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მიბმული უნდა იყოს ახალგაზრდობის დასაქმებაზე“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიორგი გეგეჭკორის, თამარ მინაშვილის, თორნიკე ტყემალაძის და ნატალია ლაშხის ნამუშევრები, რომლებიც შესრულებულია „ვეფხისტყაოსანის“, ასევე, ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებული ბატალური სცენებისა და ზოგად ისტორიულ მოტივებზე.