პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" საპარლამენტო ფორმატში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებთან, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სოფიო ქაცარავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დეპუტატები მარიამ ჯაში და გიორგი ტუღუში.
ქართულ-ბრიტანული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს.
ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ორივე ქვეყანა დგას.
შეხვედრის განმავლობაში, მხარეებმა მიმოიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, მიმდინარე პროცესებში ბრიტანეთის პარლამენტის როლის ჩათვლით. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ბრიტანეთის როლს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ და ევროპულ უსაფრთხოებაში ქვეყნის ჩართულობას.
ქართულმა მხარემ ბრიტანელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორცილებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ, მათ შორის, საარჩევნო სისტემის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ზოგადად საარჩევნო რეფორმაზე.
ქართულმა მხარემ აღნიშნა ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის საკვანძო მომენტი ქვეყანაში უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობისთვის, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემას აფუძნებს, საქართველოს პარლამენტის ოქტომბრის არჩევნებზე მეტ სტაბილურობასა და საპარლამენტო პლურალიზმს შეუწობს ხელს.
ბრიტანეთის მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების აქტიური დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე მიესალმა განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს უფრო ძლიერი დემოკრატიისა და მეტი პოლიტიკური პლურალიზმისკენ.
ამ მხრივ, ბრიტანულმა მხარემ 2020 წლის 31 ოქტომბერს ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა.
მათ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან მზარდი პროვოკაციებისა და აგრესიული ნაბიჯების გამო, რაც მოიცავს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებასა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, უკანონო დაკავებებსა და ადგილობრივი მაცხოვრებლების გატაცებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის დაჭრას.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ე. წ. გამტარი პუნქტების ხანგრძლივად დახურვა, გაგრძელებული ეთნიკური დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა და უარი ჯანდაცვასა და სამედიცინო ევაკუაციაზე მნიშვნელოვნად ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ პირობებს.
ქართულმა და ბრიტანულმა მხარეებმა დაგმეს რუსეთის მხრიდან ინტენსიური ჰიბრიდული ომის წარმოება, კიბერ-თავდასხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაზე, ასევე დეზინფორმაციის კამპანიები მიმართული ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს კრიტიკულ როლს საქართველოს ბრძოლაში ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიასთან.
დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების“ პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელება, მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და საქართველოს სუვერენული რეგიონების ინტენსიური მილიტარიზაცია ქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს ევროპული უსაფრთხოებისთვის და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შემოღებისა და „ევროკავშირის მონიტორინგის მისიისთვის“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკუთარი მანდატის გავრცელების საშუალების მიცემის მნიშვნელობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პატივისცემაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ძალის არგამოყენების, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას.
ამასთანავე, მხარეებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მიმართ, რომელიც ორიენტირებულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და დაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთკავშირების დამყარებაზე.
ქართულმა და ბრიტანულმა მხარეებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დღის წესრიგთან და მიესალმნენ ნატო-საქართველოს დინამიურ და გაძლიერებულ თანამშრომლობას.
ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2020 წლის 7-18 სექტემბერს საქართველოში მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ჩატარებას. ბრიტანული მხარე მიესალმა ასპირანტი საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება.
დისკუსიის დროს, ორივე მხარე მიესალმა მთავრობებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.
ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისმა საპარლამეტო ჯგუფმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს არსებით წვლილს ერთიან ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა პარტნიორობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის მზაობა ყოვლისმომცველი ორმხრივი დღის წესრიგის განხორციელების კუთხით, მათ შორის, თავდაცვის, კიბერუსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების, სავაჭრო და საინვესტიციო, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საპარლამენტო ჯგუფებს შორის ინტენსიური დიალოგისა და შეხვედრების მნიშვნელობას, რომელიც ძლიერი თანამშრომლობისთვის წარმატებულ პლატფორმას წარმოადგენს.
მხარეები მიესალმნენ თანამშრომლობის რეგულარულ საპარლამენტო ფორმატს და მზადყოფნა გამოხატეს საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გაღრმავებისთვის. მხარეები ასევე საერთო ინტერესის სფეროების შემდგომ მოძიებაზე შეთანხმდნენ.