საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

ფრაქციები 30 იანვარი 2020
გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი

პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა, რომელიც „საფინანსო კომპანია - საქართველოსთან“ დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის. მისი თქმით, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმიანობამ რამდენიმე ათას ოჯახს უდიდესი ზარალი მოუტანა. 

„მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო კომპანიასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დროული და ეფექტური რეაგირება. დაზარალებულთა უმრავლესობამ ანაბარი შეიტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, 2012 წლიდან, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში გააჩაღა „საფინანსო კომპანია - საქართველომ“ აქტიური სარეკლამო კამპანია. ეროვნულმა ბანკმა შესაძლო რისკების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით არ მიიღო საჭირო ზომები. შედეგად, ადამიანებმა არ იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ენდობოდნენ რა სახელმწიფოსა და ეროვნულ ბანკს, აგრძელებდნენ ანაბრების შეტანას კომპანიაში, რომელიც რეალურად თაღლითურ პირამიდას წარმოადგენდა“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დეპუტატი მიმართავს პარლამენტს დროულად შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რის თაობაზეც სოციალ-დემოკრატებმა დადგენილების პროექტი უკვე შემოიტანა. ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება და უზრუნველყოს დაზარალებულთა სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ბრიფინგზე მოწვეული იყვნენ დაზარალებული მოქალაქეების წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.