ვაშინგტონში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა.
კონგრესში „ჰელსინკის კომისიის“ წევრებთან შეხვედრისას, რომელსაც სენატორები როჯერ ვიკერი და ბენ კარდინი და კონგრესმენები კრის სმიტი, რიჩარდ ჰადსონი, რობერტ ადერჰოლტი, სტივ კოენი და შეილა ჯეკსონ ლი ესწრებოდნენ საუბარი შეეხო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აქტივობებს უკრაინის კონფლიქტის, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებსა და ადამიანს უფლებების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობას. შეხვედრაზე ტერორიზმის, ტრეფიკინგის და რასიზმის წინააღმდეგ ეუთოსა და აშშ-ის პარტნიორობის საკითხებიც განიხილეს.
გიგი წერეთელმა ამერიკელ პარტნიორებს უკრაინაში, მოლდოვასა და მაკედონიაში მომავალ საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნულ ქვეყნებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით არსებული აქტივობები მიმოიხილა.
ვიზიტის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კონგრესის აზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს ბრედ შერმანს შეხვდა, რომელთან ერთად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრიორიტეტები და რეგიონული უსაფრთხოების და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ეუთოს რეგიონში კონფლიქტების მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემებთან მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს გიგი წერეთელის და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის კონფლიქტებისა და სტაბილიზაციის დირექტორ, დენის ნატალის და მისი მოადგილის, პიტ მაროკოს შეხვედრისას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აშშ პრეზიდენტის სახელით გამართულ საუზმეს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გიგი წერეთელი კონგრესის სპიკერ, ნენსი პელოსის, სახლმწიფო მდივანს მაიკლ პომპეოს და აშშ ელჩს რელიგიური თავისუფლების საკითხებში, ემ ბრაუნბეგს ესაუბრა.
მიმდინარე წლის განმავლობაში, აშშ კონგრესში, გიგი წერეთლის, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, სპეციალური მოხსენებით გამოსვლა იგეგმება.