საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს კომიტეტის მუშაობის ძირითადი მიმართულებები და პრინციპები გააცნო.
„ჩვენი ძირითადი ფუნქცია კანონშემოქმედებითი საქმიანობაა. კომიტეტის საქმიანობაში, ასევე შედის პარლამენტის რეგლამენტში ნებისმიერ ცვლილებაზე მუშაობა. გარდა ამისა, ჩვენ გვევალება საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ იმ რეგულაციებზეც ისაუბრა, რომელსაც საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი უნდა ითვალისწინებდეს და ახალგაზრდებს საჯარო სამსახურში დასაქმების და სავალდებულო საფეხურების გავლის პრინციპები გააცნო.
„პარლამენტის თითოეული წევრის სწორ და ეფექტურ საქმიანობაზე დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი, ამიტომ თოთოეული ჩვენგანი ვალდებულია უდიდესი პასუხისმგებლობით შეასრულოს თავისი მოვალეობები“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
გიორგი კახიანმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ წარმატებები უსურვა სტაჟიორებს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ისინი აქტიურ საპარლამეტო საქმიანობაში ჩაერთვებიან და წარმატებებს მიაღწევენ.