პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ ფოკუსჯგუფის მუშაობაში, რომლის მიზანს სოციალურ მედიაში სექსისტური სიძულვილის ენის ინდიკატორების დადგენა წარმოადგენდა. ფოკუსჯგუფი შექმნილია გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ მედიაში სექსისტური სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენის შესწავლას.
გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, გენდერული თანასწორობის მხრივ, ქართული პოლიტიკური სივრცე ჯერ კიდევ შორს არის იმ რეალობიდან, სადაც ქალ პოლიტიკოსს არ შეექმნება სხვადასხვა სახის პრობლემები სწორედ იმის გამო, რომ ის ქალია.
ფეისბუქის ანონიმურობა კიდევ უფრო აძლიერებს სიძულვილის ენის სექსისტურ გამოვლინებებს.
ძირითადი კონტექსტი სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენებისას ქართულ ფეისბუქ სივრცეში არის ქართულ სინამდვილეში ჯერ კიდევ ღრმად ჩანერგილი გენდერული სტერეოტიპები.
„ქალი, როგორც პოლიტიკოსი, ქართულ საზოგადოებაში მამაკაცი პოლიტიკოსის თანაბრად მიღებული ჯერ კიდევ არ არის. ქალის უპირველეს ადგილად ოჯახური სივრცეა აღიარებული, არსებობს გაზრდილი მოლოდინები ქალი პოლიტიკოსისადმი მისი ქცევების, გარეგნობის, ჩაცმის სტილიდან გამომდინარე. საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესია ქალი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების მიმართ, მამაკაც პოლიტიკოსებთან შედარებით“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
მისივე განცხადებით, ქალი პოლიტიკოსის მიმართ, პირადი ცხოვრებისადმი განუზომლად დიდი ინტერესი ასევე ხშირად ხელისშემშლელი ფაქტორია ქალების პოლიტიკაში ჩართულობისათვის განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ არის რამდენიმე სპეციფიკური მომენტი. მაგალითად, კონკრეტულად მის მიმართ ხშირად ყოფილა სოციალურ მედიაში მინიშნება ან დაცინვა ასაკის გამო, რომ 60 წლის ქალს რა უნდა პოლიტიკაში, მსგავსი რამ შეინიშნებოდა საპრეზიდენტო კამპანიაშიც სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალების მიმართაც არის ასაკიდან გამომდინარე სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, როცა ხაზი ესმება მათი პოლიტიკაში შემოსვლისათვის მათ გარეგნობას და არა ცოდნას. ქალი პოლიტიკოსების მიმართ ქართულ ფეისბუქზე მათ დასაკნინებლად ხშირადაა ხაზგასმა ასაკზე, გარეგნობაზე, რაც არ ხდება მამაკაცი პოლიტიკოსების მიმართ.
ფიკუსჯგუფის შედეგების მიხედვით შეიქმნება ინდიკატორების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს პროექტში ორგანიზატორებს მოახდინონ არჩევნების წინა პერიოდში სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენების ანალიზი. მონაცემები მიეწოდება ყველა პოლიტიკურ პარტიას და ფართო საზოგადოებას.
პროექტის მიხედვით, სანამ დაიწყება სოციალური მედიის მონიტორინგი, დაგეგმილია შეიქმნას ქართულ რეალობაზე მორგებული სექსისტური სიძულვილის ენის ინდიკატორები. სწორედ ამ მიზნით ტარდება ფოკუსჯგუფები (მედია ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, გენდერის ექსპერტებთან), რომლის განმავლობაშიც, შეიქმნება ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ინდიკატორები. გამოვლენილი ინდიკატორებისა და შინაარსობრივი სეგმენტების საფუძველზე მომზადდება კრიტერიუმები, რომელთაც შემდეგ მედიის განვითარების ფონდის მონიტორები გამოიყენებენ სოციალური მედიის კონტენტ-ანალიზისათვის.
ფოკუსჯგუფში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.