გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, 26 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია გაიმართა, სადაც სოციალური მედიის ეპოქაში გენდერულად მგრძნობიარე ენის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა - გუგული მაღრაძემ და ეკა ბესელიამ, ასევე, გენდერული თანასწორობის, მედიისა და დემოკრატიული განვითარების სფეროებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„ქართველი ქალები ხშირად აწყდებიან დამამცირებელ რიტორიკას, სექსისტურ შეურაცხყოფასა და აშკარა მუქარასაც კი. ბოლო დროს, ამ მოვლენამ ტრადიციული მედიიდან სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. გაეროს განვითარების პროგრამა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ხელს უწყობს ეფექტიანი ხელსაწყოს შექმნას ამ შემაშფოთებელ ტენდენციასთან საბრძოლველად“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
„კორონავირუსის პანდემიის დროს საზოგადოებრივმა ცხოვრებამ კიდევ უფრო მეტად გადაინაცვლა სოციალურ ქსელებში, თუმცა ეს ტენდენცია გასული ათი წლის მანძილზეც შეიმჩნეოდა. ტრადიციულ მედიასთან შედარებით, სოციალური მედიის მონიტორინგი გაცილებით რთულია. ასევე თითქმის შეუძლებელია სოციალურ ქსელებში ურთიერთპატივისცემასა და საზოგადოებრივ ერთიანობასთან დაკავშირებული სტანდარტების დაწესება. ასეთ პირობებში, რთულია ქალებისთვის მიყენებული ზიანის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც საზოგადოებრივ სფეროში, ისე ფართო საზოგადოებაში“, - განაცხადა საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, აღნიშნა, რომ გაეროს რეზოლუციების თანახმად, ონლაინ სივრცეში ადამიანის უფლებები ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც სხვაგან, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და კიბერდანაშაულისგან.
„ანონიმურობისა და დაცილების გათვალისწინებით, ონლაინ სივრცე მეტ შესაძლებლობას იძლევა ადამიანზე თავდასხმისთვის, რაც შესაძლებელია კიბერდანაშაულშიც კი გადაიზარდოს. საქართველომ ამ მიმართულებით ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ საქმის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ წინ გვაქვს რათა ადამიანებისა და მათი უფლებები დაცვა ყველგან თანაბრად უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა UNDP-ის ხელშეწყობით ჩატარებული კვლევების ანალიზი. კავშირმა „საფარი“ შეიმუშავა ინდიკატორები გენდერულად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების კლასიფიცირებისა და შესაბამისი დარღვევების გამოსავლენად. ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, სოციალური მედიის მონიტორინგი ჩაატარა და ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენების 200-მდე შემთხვევა გამოავლინა. მათ შორისაა სექსისტური შეურაცხყოფა, ასაკისა ან გარეგნობის მიხედვით შეურაცხყოფა და სექსუალური ძალადობით მუქარა.
თავის გამოსვლაში, გუგული მაღრაძემ აღნიშნა რომ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალები ხშირად ხაზს უსვამენ ინ გარემოებას, რომ დისკრიმინაციული, სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ერთერთი მიზეზია, რომელიც პოლიტიკასა და მმართველობაში ქალთა არასაკმარის მონაწილეობას განაპირობებს. კვლევებში, რომელიც კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი, გამოიკვეთა ქართული სინამდვილისთვის დამახასიათებელი გენდერულად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. „ესაა ასაკი, როგორც შეურაცხოფის საფუძველი პოლიტიკოსი ქალების მიმართ. თუ ახალგაზრდაა, ამბობენ, რა უნდა პოლიტიკაში ასეთ ახალგაზრდას. თუ ხანდაზმულია, ასევე, რა უნდა ამ მოხუც ქალს პოლიტიკაშიო, მაშინ როცა მამაკაცების მიმართ ეს ფაქტორი არასდროს არაა ბულინგის საფუძველი“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ პარადოქსულია ვითარება ქართული კულტურისათვის ისეთი ღირებულების მქონე ინსტიტუტის, როგორიცაა ოჯახი, გარკვეულწილად დაკნინებისა ქალ პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში. „ქალ პოლიტიკოსს ხშირად მოუწოდებენ, რომ ქალს არ ყოფნის ჭკუა პოლიტიკისთვის, მას მხოლოდ საოჯახო საქმეები შეუძლია. ვფიქრობ, უნებურად , ასეთი გამონათქვამების ავტორები ოჯახის ინსტიტუტს უფრო დაბლა აყენებენ, ვიდრე პოლიტიკას“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან არცერთს, გარდა ეკა ბესელიას მიერ დაფუძნებული პარტიისა, საკუთარ პროგრამებში გენდერის ცნება ნახსენებიც არ აქვთ, გარდა ამისა, მათ პროგრამებში არ არის ასახული პროგრამული ხედვა აღნიშნული მიმართულებით.
კვლევის ავტორების განცხადებით, დაგეგმილია კვლევების შედეგების გაცნობა პოლიტიკური პარტიებისათვის და ფართო საზოგადოებისათვის.