პარლამენტის განათლების, მეცნიერების დ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე განათლების საკითხზე გამართული სემინარების მონაწილეთა წინაშე მოხსენებით წარდგა. თემატური სემინარები მიზნად ისახავდა სომხეთიდან მოწვეული კოლეგებისთვის რეფორმების გატარების თვალსაზრისით საქართველოს გამოცდილების გაზიარებას.
გუგული მაღრაძემ სემინარში მონაწილეებს 2012 -2019 წლებში საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, მათ შორის, 2019 წელს მიღებული სპეციალური კანონი განათლების საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ, რომლის მიხედვით, 2022 წლამდე განათლების ბიუჯეტის განუხრელი ზრდის შედეგად, 2022 წლიდან განათლების ბიუჯეტი იქნება მშპ 6 % ანუ ბიუჯეტის მეოთხედი. მისი განცხადებით, შესაბამისი ჩანაწერი შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში და ეს საქართველოს ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა.
„განათლებაში მიმდინარე რეფორმები ასახულია განათლების ეროვნულ სტრატეგიაში 2017-2021 წლისთვის, რომლის მიხედვით იდენტიფიცირებულია 5 ძირითადი მიზანი: სკოლამდელ აღზრდაში განათლების ხარისხის გაზრდა, ზოგადი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიულ განათლებაში სტუდენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, მეცნიერების მოდერნიზაცია“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
მან მსმენელებს, ასევე, გააცნო 2019 წელს განხორციელებული ინიციატივა საპენსიო ასაკის მასწავლებლებისათვის, მათი სურვილის მიხედვით სკოლიდან წასვლის შემთხვევაში, 2 წლის ხელფასის ერთდროულად გაცემის და მაღალი დონის სამედიცინო დაზღვევის მუდმივი ვაუჩერის შენარჩუნების შესახებ, რამაც მისივე განმარტებით, გზა გაუხსნა ახალ კადრებს ზოგადი განათლების სისტემაში.
სომხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, თუ როგორ ხორციელდება რეფორმები პროფესიულ განათლებასა და მეცნიერების მართვის სფეროში, რამდენადაც, როგორც სემინარზე აღინიშნა, მათაც განზრახული აქვთ ამ სფეროების მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან მათი დაახლოება.
ღონისძიებების მსვლელობისას მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში გატარებული რეფორმების ქრონოლოგიისა და ამ პროცესში მიღწეული წარმატებისა თუ არსებული გამოწვევების შესახებ: იუსტიციის სისტემა და მართლმსაჯულება, საგადასახადო და საბაჟო რეფორმები, ასევე საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, ასევე დეცენტრალიზაცია და ტერიტორიული მოწყობა.
სემინარებში მონაწილეობა მიიღო სომხეთიდან მოწვეულმა 46 პირმა, მათ შორის, საკანონმდებლო ხელისუფლებიდან სომხეთის პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა.
თემატურ სემინარებს უძღვებოდნენ შესაბამის სფეროებში მოღვაწე და რეფორმების დაგეგმა-განხორციელებაში მონაწილე ქართველი ექსპერტები.
სემინარები ჩატარდა ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“, ამერიკული ფონდის „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისთვის“ (NED) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით.