განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ შესრულებული კვლევითი პროექტის „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა. განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდების წარმომადგენლები, ექსპერტები. ასევე, კონფლიქტის ზონებიდან ამ საკითხებზე მომუშავე ინდივიდები და ორგანიზაციები.
შეხვედრა ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ გახსნა. მისი თქმით, დღეისთვის კონფლიქტის ტრანსფორმაცია სულ უფრო მეტადაა მიჩნეული კონფლიქტურ რეგიონებში ძალადობის გამომრიცხველი შედარებით კონსტრუქციული ვითარების დასამკვიდრებლად.
ჩატარებული კვლევის შედეგები დამსწრე საზოგადოებას აშშ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზის და გადაჭრის ინსტიტუტის დოქტორანტმა, კვლევის ავტორმა ნათია ჭანკვეტაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, კვლევაში აფხაზეთის მოსახლეობის წარმომადგენლები, აფხაზი, ოსი და ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
მომხსენებლის ინფორმაციით, ვერ მოხერხდა კვლევაში ოსი რესპოდენტების ჩართვა, თუმცა, კვლევაში დასმული საკითხების შესახებ ვრცელი მასალა მას ოსმა ექსპერტმა გამოუგზავნა.
„კვლევაში განხილულია კვიპროსის და დნესტრისპირეთის „ქეისები“, როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის რეალური მაგალითები. აქ არის სიტუაცია, როცა აღარ არის ძალადობის ელემენტები. რეგიონები ღიაა ერთმანეთთან კონტაქტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს შეთანხმებულობა პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით, არსებობს მზაობა კომპრომისისთვის და ნდობა კონფლიქტის მხარეებს შორის შედარებით მაღალია“, - აღნიშნა კვლევის ავტორმა.
გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ კვლევას, რამდენადაც მისი თქმით, იგი განიხილავს კონფლიქტოლოგიაში დღეისთვის არსებულ მთავარ ტრენდს, რომლის მიხედვით კონფლიქტის ტრანსფორმაცია მიჩნეულია კონფლიქტის მოგვარების პერსპექტიულ მექანიზმად.
„კონფლიქტის ტრანსფორმაცია კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოებისათვის არის შედარებითი მშვიდობის ყველაზე პრაგმატული მექანიზმი. საჭიროა ბევრი მუშაობა, რომ კონფლიქტის მხარეების საზოგადოებებს და პოლიტიკურ ელიტებში მოხდეს გარკვეული აღიარება კონფლიქტის ტრანსფორმაციის განხორციელებისათვის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს ოფიციალურმა სტრუქტურებმა ფაქტიურად გამოხატეს თავისი მზაობა კონფლიქტის ტრანსფორმაციისაკენ სამთავრობო პროგრამით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
„საჭიროა მეტი კოორდინაცია იმ ძალისხმევებში, რაც ხორციელდება კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის. სულ ახლახან თსუ-ს კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შესრულდა კვლევა „პირდაპირი კომუნიკაციის როლი ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის მტრის ხატის დასაძლევად“. ამ კვლევამ უჩვენა, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის დიდი რესურსია ახალგაზრდა თაობა, რომელიც ნაკლებადაა დამძიმებული წარსულის ნეგატივით. შესაბამისად, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდებთან მუშაობას კონფლიქტის ორივე მხარეზე. ახალი თაობისათვის უფრო მნიშვნელოვანია არსებული ვითარების გაუმჯობესების პრაგმატული ასპექტები, რაც შეიძლება უკეთ იქნას მიღწეული კონფლიქტის ტრანსფორმაციის მეშვეობით“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
შეხვედრისას, კველევის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორმა ქ. გალიდან გურამ შონიამ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა რეკომენდაციები ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციისათვის.