განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე, კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური მონაწილეობდნენ სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაში - „უწყვეტი განათლების მენტალური უსაფრთხოების პესპექტივები“, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეებმა მოისმინეს: ფსიქოლოგიის დოქტორის, თეა გოგოტიშვილის მოხსენება „დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის როლი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის საკითხში“, ფსიქოლოგიის დოქტორის, ალექსანდრე რუსეცკის მოხსენება „უწყვეტი განათლების მენტალური უსაფრთხოების პერსპექტივები, ფსიქოლოგიის მაგისტრის, გიორგი დონაძის მოხსენება „ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია - სუიციდის პრობლემები“, ფსიქოლოგიის მაგისტრანტის, უჩა მაჭარაშვილის მოხსენება “ფსიქოლოგიური და საინფორმაციო | ფსიქოლოგიური ომის საფრთხეების არაღიარების გამოწვევები საქართველოსთვის“.
კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საკითხზე, თუ როგორი უნდა იყოს უწყვეტი განათლების სისტემა, რათა მან შეძლოს კონკრეტული პიროვნების და მთლიანად საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, სოციალური განწყობების იმგვარად ფორმირება, რომ ადამიანებმა შეძლონ მართონ თავისი თავი.
„დღეს საკმაოდ მწვავეა ის ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელიც ვლინდება იმაში, რომ ვერც ინდივიდუალურად და ვერც კოლექტიურად ჩვენ ვერ ვმართავთ ჩვენს თავს. ასეთ დროს პიროვნებას და ერს ახასიათებს თვითკონტროლის და თვითმართვის უნარ-ჩვევების სისუსტე და უკიდურეს შემთხვევაში სასოწარკვეთილება და სუიციდური ქცევები. ამდენად, საჭიროა ფსიქოლოგიური ცოდნის დანერგვა განათლების სისტემაში ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ამ კონტექსტში უდიდესი როლი ენიჭება დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიაში დადგენილი კანონზომიერებების გამოყენებას პრაქტიკაში, კერძოდ, უწყვეტ განათლებაში. ასეთი ცოდნა და უნარები არის ყველაზე საუკეთესო პრევენცია სუიციდური ქცევების თავიდან ასარიდებლად და პიროვნების სრულყოფილი განვითარების მისაღწევად“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მოხსენებების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში წამოიჭრა არაერთი საჭირბოროტო საკითხი, რამაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოავლინა პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომის და სხვადსხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობა.