ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ რედაქციაზე ინფორმაცია მიაწოდა.
სოფელ ცოდნისკარსა და ვარდისუბანში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესში შესატანი ცვლილებები გააცნო.
გურამ მაჭარაშვილმა, სოფლის მოსახლეობასთან, მიწის გასხვისების რეგულაციებთან დაკავშირებულ ხელისუფლების მიდგომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უზენაეს კანონში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მიწის განკარგვის ნორმებს ორგანული კანონი დაარეგულირებს. მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც როგორც კონსტიტუციურ ცვლილებებს, ასევე სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.