საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე მაჭახელას ხეობის მოსახლეობას შეხვდა.
მან დაათვალიერა მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ასევე გაეცნო „მაჭახელას თოფის“ ისტორიას. როგორც ცნობილია, „მაჭახელას თოფი“ მაჭახელას ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე სოფელ ჩხუტუნეთში დღემდე შემორჩენილი პრაქტიკაა. მაჭახელას ხეობაში განთქმული მჭედლები იყვნენ ნაგერვაძეები, ძნელაძეები და ქავთარაძეები.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ „მაჭახელას ხეობა“ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება დაცული ლანდშაფტის ზონად შესაბამისი ტურისტული მარშრუტით.
დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრაციულ-ტურისტული, და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
აღსანიშნავია, რომ ილია ნაკაშიძის ძალისხმევითა და მონდომებით მაჭახელას ხეობის 9 სოფელს 2017 წელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.