
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძე, საკრებულოს წევრთან, ლევან დავითაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. დეპუტატის განცხადებით, ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ის მე-2 კვარტლის, მე-9 კორპუსში სრულად იცვლება წყალკანალიზაციის სისტემა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 111 093 ლარი გამოიყო.
„მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მოსახლეობის მეტი ჩართულობა კომუნალური საჭიროების საკითხების გადაწყვეტაში, პერიოდულად ვმართავთ გასვლითი ხასიათის შეხვედრებს და ეტაპობრივად ვაწვდით ინფორმაციას იმ განსახორციელებელი პროექტების შესახებ, რაც მათ უშუალო საცხოვრებელ არეალს ეხება. დღეს ვესტუმრეთ ვაზისუბნის ერთ-ერთ მიკრო რაიონს, შევხვდით ადგილობრივებს, გავეცანით არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებზეც ვიმსჯელეთ“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.