
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ირაკლი აბუსერიძე კანადაში, ქ. კვებეკში ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 44-ე სესიაში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი აბუსერიძემ კვებეკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან და ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟაკ შანონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სესიის ფარგლებში ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა, თანამშრომლობისა და განვითარების, პოლიტიკურ საქმეთა და განათლების, კომუნიკაციისა და კულტურულ საქმეთა კომიტეტების სხდომები გაიმართა.
ირაკლი აბუსერიძემ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტის მუშაობაში, სადაც განხილვის მთავარ თემას ფრანკოფონიის სივრცეში მიგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები წარმოადგენდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თითოეული ქვეყნის ეროვნული დელეგაცია სიტყვით გამოვიდა.
ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას 83 ქვეყნის 350-ზე მეტი დელეგატი იღებს. სესია მუშაობას 11 ივლისს დაასრულებს.