პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აკირა იმამურასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები უკვე წლებია დინამიურად ვითარდება და თანამშრომლობა ყველა სფეროს მოიცავს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გაიხსენა მისი ვიზიტი იაპონიაში 2013 წელს. „მაშინ შეხვედრა გაიმართა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და იაპონიის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ასოციაციის "ROTOBO"-ს ხელმძღვანელობასთან, რამაც ხელი შეუწყო იაპონური ბიზნეს კომპანიების, ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო დაინტერესებას და იაპონური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიპლომატს იმ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც იაპონიის მთვარობამ საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაუწია.