პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers ჩაატარებს. საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, არჩევანი კონკურსში მონაწილე 2 საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა. გამარჯვებულად , საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით PricewaterhouseCoopers დასახელდა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ორი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ წევრი- Deloitte Touche-Tohmatsu და PricewaterhouseCoopers იღებდა. გაიმარჯვა PricewaterhouseCoopers -მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად სესიაზე წარვუდგენთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიხსნა.