ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში გამართული საერთაშორისო კონფერენციიის პირველ პანელზე საკანონმდებლო ჩართულობის პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს.
კონფერენციის პირველი პანელის თემა იყო - საკანონმდებლო ჩართულობის პოლიტიკა: კარგი პრაქტიკის მაგალითები, გამოწვევები და განვითარებისათვის აუცილებელი ნაბიჯები.
საკანონმდებლო ჩართულობის პოლიტიკა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამეთვალყურეო კომიტეტმა 2016 წლის სექტემბერში დაამტკიცა. აღნიშნული, ღია მმართველობის პარტნიორობისთვის (OGP) მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა პარტნიორობაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მონაწილეობის კუთხით. მას შემდეგ, მრავალი პარლამენტი შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პლატფორმას და ეროვნული სამოქმედო გეგმების ფარგლებში, შეიმუშავა ვალდებულებები. კონფერენციის მონაწილეებმა, დღეისათვის არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს, აგრეთვე ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) საპარლამენტო ჩართულობის საუკეთესო მაგალითებზე ისაუბრეს.
დღევანდელი სესიის პირველ პანელს მოდერატორობა გაუწია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარემ მუკელანი დიმბამ.
მისი ინფორმაციით, ლათინურ ამერიკაში გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე 39 კანონია მიღებული. „ამათგან 21 უშუალოდ ჩვენი პარლამენტის ინიციატივით იყო მიღებული. მათ შორის იყო კანონები ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, ფისკალურ გამჭვირვალობაზე. ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ პარლამენტი მუშაობს ამ მიმართულებებით და იმისათვის, რომ წავახალისოთ პარლამენტის საქმიანობა, ჩვენ ვართ ნაწილი ამ პარტნიორობისა, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, ღიაობას და ანგარიშვალდებულებას“, - განაცხადა მოდერატორმა.
მისი თქმით, 33 % სამოქმედო გეგმებისა მიმართულია სწორედ ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულებისკენ. „სწორედ იმიტომაა აუცილებელი ღია პარტნიორობის არსებობა, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს ამ რეფორმების განხორციელებაში. პოლიტიკა მოიცავს 3 ძირითად ნაწილს. პირველი არის პარლამენტების ჩართულობა OGP-ის ფარგლებში და იმ ვალდებულებების განხორციელება, რომელიც სამოქმედო გეგმებში არის განსაზღვრული. ჩვენი რეკომენდაცია იყო, არსებობდეს ცალკე თავი, რომელიც უშუალოდ კონკრეტულ პარლამენტებზე იქნება მიმართული. თუმცა აუცილებელია თუ არა, პარლამენტებს ჰქონდეთ სამოქმედო გეგმებში საკუთარი თავები, იმაზეა დამოკიდებული, რომ ყველა ამ პარლამენტის მოქმედება უნდა იყოს თანმიმდევრული, ყველა პარლამენტმა უნდა დაიცვას ერთნაირი სტანდარტი, გამართოს თანაბარი სტანდარტების კონსულტაციები, თანაბრად დაიცვას და შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, განახორციელოს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების მექანიზმი. ჩვენ 18 თვე გვქონდა, რათა ეს ექსპერიმენტები ჩაგვეტარებინა“, - განაცხადა მუკელანი დიმბამ.
კანადის პარლამენტის გამოცდილება, თუ რა სარგებლობა მოუტანა ქვეყანას OGP-ში ჩართვამ, კონფერენციისს მონაწილებს „ParlAmericas“ ჩრდილოეთ ამერიკის ღია პარლამენტის ქსელის ვიცე-პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა რენდი ბოესონომ გააცნო. მან ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. მისი თქმით, კანადაში ბიუჯეტი დამტკიცებამდე ძალიან დეტალურად მოწმდება, შეიქმნა ახალი თანამდებობა - ეთიკის ოფიცერი, პეტიციების შემოტანა უკვე ელექტრონულად ხორციელდება. „როდესაც მოქალაქეებს პარლამენტში პეტიცია შემოაქვთ და ამაში სოციალური მედია ჩაერთვება, თვალსაჩინო ხდება, თუ რა სწრაფად ვითარდება შემდგომი მოვლენები“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
მისი თქმით, OGP-ში ჩართვა ეს არის შესაძლებლობა თანამოაზრეების გაერთიანებისათვის, მათთვის ვინც, მზად არის მოახდინოს ყველა დონის ხელისუფლების მუშაობის ტრანსფორმირება. „პარლამენტმა უნდა აიღოს გლობალური ლიდერობა. ჩვენ უნდა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება სხვებს და გავაგრძელოთ კარგი მუშაობა. ეს არის მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისთვის გასაწევი საქმიანობა. ინკლუზიური ინსტიტუციები ეს არის მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვითანაშრომლოთ OGP-ს ფარგლებში და გავაგრძელოთ მუშაობა, რომ პარლამენტი უფრო აქტუალური გახდეს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა რენდი ბოესონომ.
სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გორდანა ცომიჩმა სერბეთის გამოცდილება გაუზიარა კონფერენციაში მონაწილეებს. „სერბეთი შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობას არა მხოლოდ ფორმალურად და არა მხოლოდ არსებული პირობების შესრულებით, არამედ ინოვაციური იდეებით“, -აღნიშნა მომხსენებელმა.
მისი თქმით, უნდა შემცირდეს პოპულისტების გამო შექმნილი ქაოსის დონე, რაც საზოგადოების ნდობას პოლიტიკოსების მიმართ აქარწყლებს. „ჩვენ შევქმენით მწვანე საპარლამენტო ქსელი ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. ჩვენ ვეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებას. ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა ეკოლოგია, გარემო უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში, ყველა პარლამენტის წევრის დღის წესრიგში. ჩვენ შევქმენით ქალთა ქსელი პარლამენტში. ჩვენ ქალები ვმუშაობთ იმ თემებზე, რომელიც ქალებს ეხება, მაგალითად, ძალადობა ოჯახში, ეკონომიკური წარმომადგენლობა პოლიტიკაში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და ერთად ვმუშაობთ ამ დღის წესრიგის მისაღწევად. შევქმენით საპარლამენტო პორტალი და საბიუჯეტო ოფისი, რომელიც ღიაა ყველასათვის და ყველას შეუძლია ნახოს, როგორ ხდება ბიუჯეტის განკარგვა, როგორ იხარჯება საბიუჯეტო ფული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათი ფულია“, - განაცხადა გორდანა ცომიჩმა.
საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე მოხსენების დასაწყისში წინა გამომსვლელის, გორდანა ცომიჩის მოსაზრებას გამოეხმაურა პოპულიზმთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, მსოფლიო ებრძვის კრიზისს ინსტიტუციების მიმართ. „მთავრობა, ბიზნესი, მედია ცდილობენ რაღაცები დაალაგონ და ნდობა დაიბრუნონ რეფორმების ჩატარების გზით. ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუცია ნდობის დასაბრუნებლად არის სწორედ საკანონმდებლო ორგანო. ჩვენ გვჭირდება ძლიერი, ეფექტური პარლამენტი და სწორედ ამისათვის პარლამენტი უნდა იყოს ღია, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური. მე ვამაყობ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას. ეს მოხდა 2015 წელს. შეიქმნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და დავიწყეთ პირველი სამოქმედო გეგმის განხორციელება“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.
მისი ინფორმაციით, გასულ კვირაში პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა მესამე სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. „გვაქვს მესამე სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ ფართო საზოგადოების ჩართულობით“, - აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.
მისი ინფორმაციით, სამოქმედო გეგმები საქართველოს პარლამენტში იქმნება მუდმივი საბჭოს, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლების შედეგად. „ეს არის კარგი მაგალითი, რომელიც ჩვენ გაგვიზიარეს OGP-ს ჩემპიონებმა“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ. მისი განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში 22-დან 20 ვალდებულება შესრულდა. მისი მოსაზრებით, კარგი თანამშრომლობის ფაქტორებია: საერთო მიზნები, კეთილი ნება და კომუნიკაცია. „სამივე კომპონენტი აუცილებელია კარგი თანამშრომლობისთვის და საქართველო არის წარმატებული მაგალითი, რომ ჩვენ სამივე კომპონენტი გაგვაჩნია, გვაქვს ძალიან კარგი მიზნები, გვაქვს ნება, რათა მივაღწიოთ ამ მიზნებს და გვაქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.“, - განმარტა ირინა ფრუიძემ.
მას მიაჩნია, რომ სწორედ ამის შედეგია, უფრო მეტი იდეის, მრავალფეროვნების, მიღწევების არსებობა. მან იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა განახორციელა რეფორმის ფარგლებში. „ჩვენ შევქმენით მთელი ჩამონათვალი იმ პროაქტიული ინფორმაციისა, რომლებიც პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს. მაგალითად პარლამენტის წევრების საქმიანობა, საპარლამენტო აქტივობები, ფინანსური ინფორმაცია პარლამენტის წევრების მივლინებებზე და ა. შ. გვაქვს პეტიციებისა და საკანონმდებლო ინიციატივების ელექტრონული წარდგენის მექანიზმი“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტისთვის სავალდებულო გახდა, გამოქვეყნდეს პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშები. „ჩვენ ერთ-ერთი უნიკალური პარლამენტი ვართ იმ თვალსაზრისით, რომ დავიწყეთ OGP-ის გეგმის განხორციელების ზედამხედველობა. ჩვენ, ასევე, შევიმუშავეთ თვითშეფასების ინსტრუმენტები და უკვე ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის შეფასებას. ამის საფუძველზე შევიმუშავებთ სტრატეგიებსა და გეგმებს“, - აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.
მისი ინფორმაციით, საჯარო შეხვედრები და საჯარო კონსულტაციები გაიმართა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის იდეების მიღების მიზნით როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს 6 რეგიონში. „ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, რომ გავაღრმაოთ ნდობა ჩვენი ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მხრიდან და ჩვენი ინსტიტუტები გახდეს უფრო ანგარიშვალდებულები“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.
ორგანიზაცია Legislativo-ს დირექტორმა მარია ბარონმა ლათინური ამერიკის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა კონფერენციის მონაწილეებს. მისი ინფორმაციით, ჩილე უკვე მესამე სამოქმედო გეგმას, ხოლო პარაგვაი მეორე გეგმას ახორციელებს. მისივე თქმით, კოლუმბიას საინტერესო მეთოდი აქვს OGP-ს მიმართულებით. კერძოდ, კოლუმბიაში მთავრობა და კონგრესი ერთად მუშაობს და ერთად წყვეტენ, რა მიმართულებით იმუშაონ გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. „კოლუმბიაში კონგრესის ნამდვილად დიდი ტრანსფორმაცია მოხდა ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორც რეგულაციების, ისე შიდა წესების თვალსაზრისით. კოსტარიკას მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ საერთო გეგმა შექმნეს და ველოდებით განხორციელებას“, - განაცხადა მარია ბარონმა.
კენიის რეპუბლიკის ელგეო მარაკვეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ფილემონ კიპლაგატ საბულემ ისაუბრა კენიის ეროვნულ მთავრობასა და საგრაფოებში ღია მმართველობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მისი თქმით, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, საგრაფოების პარლამენტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა დაინტერესებული ჯგუფი იყოს წარმოდგენილი ადგილობრივ მთავრობასა და ადგილობრივ პარლამენტში. „ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და თუ მათი საკმარისი რაოდენობა არ არის, მაშინ ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია, დაასახელოს ქალი და უზრუნველყოს, რომ თავიანთი წევრების 2/3 იყოს სწორედ ქალი. ეს, ასევე, ეხება უმცირესობებს“, - განაცხადა ფილემონ კიპლაგატ საბულემ.
მან ისაუბრა კენიაში მოქმედი „საზოგადოების მონაწილეობის კანონის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შეხვედების ჩატარებას ყველა სოფელში. „ჩვენ ვამაყობთ, რომ უზრუნველვყოფთ რესურსების თანაბარ გადანაწილებას საგრაფოებს შორის.პარლამენტი კრიტიკულ როლს ასრულებს ბიუჯეტის მომზადების დროს და უზრუნველყოფს, რომ ყველა საგრაფომ თავისი წილი მიიღოს“, - აღნიშნა ფილემონ კიპლაგატ საბულემ.
საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარენის პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).