„ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ პოლიტიკოსები შევძლებთ ვისაუბროთ და გადავჭრათ პრობლემები საპარლამენტო ფორმატში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელთან, მარინა კალიურანდთან და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ევროპარლამენტარებთან ერთად დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ შეთანხმების პირობები შესრულდეს და რაც ყველაზე მთავარია, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლოთ და კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. მათი დიდი სურვილია, იყვნენ აქტიურად ჩართულები იმ პროცესში, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ჰქვია და არა პრობლემების მოგვარება. ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ ეს ბოლო ჩარევა იყო და ქართველი პოლიტიკოსები, შევძლებთ ვისაუბროთ და გადავჭრათ პრობლემები საპარლამენტო განზომილებაში - ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ აღნიშნეს და ყოველთვის ამ პოზიციაზე არიან, რომ არ ემხრობიან ქუჩის აქციებს. ისინი მოუწოდებენ ყველას, რომ საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ მაქსიმალურად და ამ ფორმატით შეძლონ ყველა საკითხზე თავიანთი პოზიციის დაფიქსირება. ამიტომ, მოლოდინი მაღალია, იმედები აქვთ დიდი და მთავარია, ჩვენ არ გავუცრუოთ ეს იმედები“, - განაცხადა კახა კუჭავამ.