კ.ოქრიაშვილი: მოგესალმებით, კოლეგებო. ჩვენი ქვეყანა არის მრავალეთნიკური, მრავალკომფესიური, მკვეთრად გამოხატული რეგიონალური და ენობრივი განსხვავებებით. ვთვლი და ეს ისტორიულად მრავალჯერ დადასტურდა, რომ ეს მრავალფეროვნება არის ჩვენი სიმდიდრე და ამასთანავე ჩვენი სუსტი ადგილიც. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმა და რეალურად მოვახდინეთ ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, შესაძლებელია არსებობდეს მოსაზრება ცენტრალური ხელისუფლების სიძლიერის არაჯანსაღი შესუსტების თაობაზე. დღეს ჩვენ ვმსჯელობთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. საარჩევნო სისტემა ახდენს ქვეყნის კონსტიტუციის განსაზღვრული მოწყობის რეალურ ფორმირებას, მის სტაბილურობას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსს. ჩვენი ღრმა რწმენით და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ აგრეთვე ცენტრალური ხელისუფლების სიძლიერის განმტკიცების კუთხით. ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოს ისტორიის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მყიფე ცენტრალური ხელისუფლების პირობებში ძლიერდება სეპარატიზმი და ქვეყანა დეზინტეგრაციის საფრთხის ქვეშ დგება. გავაკეთებ მცირე ისტორიულ ექსკურსს და მოგიყვებით მე-17 საუკუნის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს, ქვეყნის ლიტვურ-პოლონური სახელმწიფოს რეჩ პოსპოლიტის დაკნინების და საბოლოოდ გაქრობის შესახებ. ეს სახელმწიფო მოიცავდა დღევანდელ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ბელორუსიას, პოლონეთს, უკრაინის დიდ ნაწილს, რუსეთის სმოლენსკის ოლქს, პრუსიის და სლოვაკეთის ნაწილებს. ამ სახელმწიფოებში არსებობდა იმდროინდელი მსოფლიოსთვის საკმაოდ პროგრესული მმართველობის სისტემა, იყო მეფე და არსებობდა პარლამენტი, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული იყო ე.წ. შლახტით, თავადაზნაურობის წარმომდგენლობით. რეჩ პოსპოლიტა სიძლიერეს ადასტურებს თუნდა მისი მეფის ზიგიდმუნდ III-ის, რუსეთის მაშინდელი მეფის ვასილი შუისკის კისერზე ბაწარმობმული და დაჩოქილ მდგომარეობაში მიყვანა. მერე რა მოხდა, დღეს ეს ძლევამოსილი ქვეყანა აღარ არსებობს და 100 წლის მანძილზე მან ნელ-ნელა დაკარგა ტერიტორიები და თვითონ გახდა რუსეთის ნაწილი. რატომ? მრავალი სხვა მიზეზის გამო, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ იყო ძალაუფლების ზედმეტი დეცენტრალიზაცია. რეჩ პოსპოლიტას პარლამენტის შლიახტას გააჩნდა ვეტოს უფლება მეფის გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იყენებდა თავისი ვიწრო ინტერესებისთვის და მით აზარალებდა სახელმწიფო ინტერესებს. ეს გასათვალისწინებული ისტორიული მაგალითია. აქვე მინდა გავავლო პარალელი საქართველოს პარლამენტარიზმის შესაძლო ისეთ მდგომარეობასთან, როცა პარლამენტში იარსებებენ განსხვავებული ინტერესების მქონე წვრილ-წვრილი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან მუდმივად ითამაშონ სასწორზე გადამწონის როლი, მუდმივად ივაჭრონ საკუთარი ხმებით და ამით მოიპოვონ დეფაქტო არაფორმალური ვეტოს უფლება პარლამენტში. ჩვენს უახლეს ისტორიაში, სამწუხაროდ, მომსწრენი ვართ, როგორ დაკარგა ქვეყანამ ტერიტორიები სუსტი ცენტრალური ხელისუფლების ფონზე მომძლავრებული სეპარატიზმის და გარე ჩარევის გამო. გვაქვს ასევევ სამწუხარო მაგალითი წინა ხელისუფლების სახით, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება დადგეს ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის დროს. ჩვენი ამოსავალი თეზისი უნდა გახდეს პოლიტიკური ძალების სწორი ბალანსი და მათი წარმომადგენლების ზომიერი კონცენტრაცია პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების ახალი წესებით არ უნდა მოხდეს პარლამენტში პოლიტიკური ძალების არც ზედნმეტი კონცენტრაცია, ძალაუფლების უზურპაციის საფრთხის გამო და არც მათი ისეთი განზავება, რომ ამან ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე და ქმედითუნარიანობის დაკარგვა გამოიწვიოს. პასუხიმგებლობის მქონე წამყვანი პოლტიკური ძალა პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ძლიერი უმრავლესობით და მას არ უნდა სჭირდებოდეს ხმებით მოვაჭრე წვრილ-წვრილ ჯგუფებთან ვაჭრობა. ამიტომ, მთავრი კითხვაა, რომელმა სისტემამ შეიძლება უზრუნველყოს პარლამენტში ძალების ჯანსაღი ბალანსი, ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების შენარჩუნებით და ძალაუფლების ზომიერი ბალანსისი დაცვით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის უზრუნველყოფა შეუძლია მხოლოდ სრულიად მაჟორიტარულ სისტემას ან შერეულ საარჩევნო სისიტემებს.
კოლეგებო, აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას მაჟორიტარულის და პროპორციული სისტემების დადებით და უარყოფით მხარეების მრავალგზის განხილულ თემებზე საუბრით. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ჩვენი ქვეყნის არსებული რეალობიდან და მის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის საუკეთესო საარჩევნო მოდელი შერეული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალების ზომიერ კონცენტრაციას, მხოლოდ პროპორციული სისტემა გამორიცხავს და რეგიონალურ პროპორციულსაც, მათ შორის, გამორიცხავს პოლიტიკური ძალების ზომიერ კონცენტრაციას და პირდაპირ ხელს უწყობს პარლამენტში წვრილ-წვრილი პარტიებით დაკომპლექტებას, პოლიტიკური ძალების განზავებას, ცენტარლური ხელისუფლების დასუსტენას. დღევანდელ მსოფლიოში მრავლადაა მაგალითი იმისა, თუ რა მძიმე კრიზისებს იწვევს პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა სხვადასხვა ქვეყანაში. ასეთ ქვეყნებსი ხშირია პოლიტიკური კრიზისები, რიგგარეშე არჩევნები, რომლებსაც, როგორც წესი, მოჰყვება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შეფერხება. მსურს შეგახსენოთ, რომ სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, მალაიზიაში და ა.შ. სულ 80-მდე ქვეყანაში. შერეული საარჩევნო სისიტემა მოქმედებს ისეთ ძლიერ და წარმატებულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, იაპონია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, დაახლოებით 40 ქვეყანაა. ვიზიარებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვეთანხმებით იმას, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი საარჩევნო მაჟორიტარული ოლქების დაყოფა არასამართლიანია, რადგან ცალკეულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მრავალჯერ სხვაობა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა თანასწორუფლებიანობას და ხმების თანასწორობას. დღეის მდგომარეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საარჩევნო კოდექსის აღნიშნული ნორმა მიჩნეულია არაკონსტიტუციურად და ამიტომ არის აუცილებელი საარჩევნო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა.
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ნაჩქარევად არის მომზადებული და მათში არ არის გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში ისტორიულად ჩამოყალიბებული რეალობები, აგრეთვე, სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომ საარჩევნო ოლქების ფორმირებისას არის დასაშვები ამომრჩეველთა რაოდენობის 10-15%-იანი გადახრები და აგრეთვე სხვა გამონაკლისები და შედეგად მივიღებთ არასრულყოფილ და მოუქნელ გადაწყვეტილებას. ამის გამო დავკარგავთ მოქნილობას საარჩევნო ოლქების ფორმირებისას ... პროცესში და მოგვიწევს არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება მაჟორიტარული ოლქების ფორმირებისას.
წარმოდგენილი ცვლილებებით ამუშავდება ოლქების ფორმირების ახალი ფრომულა, კერძოდ, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი განისაზღვრება დაახლოებით 47 000 ამომრჩეველი დასაშვები 10-15%-იანი გადახრით. ვიზიარებთ რა ვენეციის კიმისიის რეკომენდაციებს და ვემორჩილებით რა საკონსტიტუციო სასამართლოს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვეთანხმებით მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლას. თუმცა, ნაჩქარევად მომზადებული ამ ცვლილებების გამო, მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავითვალისწინოთ ცალკეული რეგიონების სპეციფიკა, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების, მაგალითად მესტიაში, ყაზბეგში, ონი-ამბროლაურში, ნინოწმინდაში, ჩვენი სურვილის მიუხედავად, ვერ ვქმნით ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს, როგორც გამონაკლისებს.
ჩვენ მხარს დავუჭერთ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, თუმცა ვთვლით, რომ პარლამენტს, დიდი ალბათობით, მომავალში მოუწევს ამ საკითხებზე ხელახალი მსჯელობა, აუცილებელი გამონაკლისების გათვალისწინების მიზნით.
ბატონებო, ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება არის სტრატეგიული საკითხი და პარლამენტში ყველა გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ ზემოთ აღნიშნული სტრატეგიული საკითხის გათვალისწინებით. გმადლობთ.