კ.ოქრიაშვილი: თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრეზიდენტო, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარე, ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო კოლეგებო, დღეს ამ დარბაზში შეინიშნება განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა, რაც ჩემი აზრით განპირობებულია ბატონი პრეზიდენტის და ბატონი პრემიერ-მინისტრის დასწრებით. ეს მისასალმებელია. პირველ რიგში მინდა შევეხო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხს. 2015 წლის 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაზე აღმოვაჩინე, რომ მე ვიყავი ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატი, ვინც ამ ღონისძიებას ესწრებოდა. ვამახვილებ თქვენს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ მხოლოდ მე ვესწრებოდი საზოგადოების იმ უზარმაზარი ნაწილიდან, რომელიც წინააღმდეგია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა. ესწრებოდა საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ემხრობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. განსაკუთრებით გამიკვირდა, რომ არ იყო უზრუნველყოფილი არც ერთი ყოფილი თუ მოქმედი საზოგადოების წარჩინებული მოღვაწე მაჟორიტარი დეპუტატის და ცნობილი კონსტიტუციონალისტების დასწრება ამ შეხვედრაზე. მოწვეული სტუმრების ამგვარი სელექციის შედეგად ბუნებრივია აღმოჩნდა, რომ დამსწრეთა შორის მხოლოდ მე მქონდა განსხვავებული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე შევთავაზე წონადი კონტრარგუმენტები და წარმოვაჩინე მსოფლიოში წამყვან ქვეყნებში არსებული პრაქტიკა საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ისმოდა შეფასებები, რომ მაჟორიტარული სისტემა არის მანკიერი, დღესაც მოვისმინეთ, არადემოკრატიული, ფეოდალური და ასე შემდეგ. მე დავსვი კითხვა, თუ რატომ იყენებს და არ აუქმებს ასეთ მანკიერ არადემოკრატიულ სისტემას ისეთი წარმატებული და დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და 100-ზე მეტი ქვეყანა, სადაც მოქმედებს მაჟორიტარული ან შერეული სისტემები. მე ვერ მივიღე არგუმენტირებული პასუხი ჩემს კითხვებზე. მე მინდა დღესაც ამ ტრიბუნიდან გავიმეორო იგივე შეკითხვა და ველოდები არგუმენტირებულ პასუხს. ყველაზე მეტად კი ის არის გასაოცარი, რომ ამ შეხვედრის შედეგი შეფასდა, როგორც საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში კონსენსუსი ნამდვილად არ არის. არ იქნა მოსმენილი და გათვალისწინებული ჩემი და უამრავი ადამიანის აზრი ამ საკითხზე. არ ჩამოვთვლი პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ყველა პლუსს და ნაკლოვანებას, ორივე სისტემას გააჩნია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და ამის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ რამოდენიმე მომენტზე. მაჟორიტარული სისტემის უმთავრეს ნაკლოვანებად ოპონენტები მიიჩნევენ ეგრეთწოდებულ ხმების დაკარგვას. აღსანიშნავია, რომ ორივე სისტემას ახასიათებს ხმების დაკარგვა, მაჟორიტარულში იკარგება წაგებული კანდიდატის ხმები, ხოლო პროპორციულში იკარგება იმ პარტიებისთვის მიცემული ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის 1995 წლის პროპორციულ არჩევნებში ასე დაიკარგა ხმების 61,5%, მაშინ მოქმედებდა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, როგორც დღეს. საინტერესოა ამ არჩევნებში რომ ყოფილიყო 4%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაინც დაიკარგებოდა 49%, მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, რომ ჩამოყალიბებული ნარატივი იმის შესახებ, რომ პროპორციულ სისტემაში თურმე ხმები არ იკარგება, არის ტყუილი. თურმე პროპორციულ სისტემაშიც იკარგება ხმები, თან საკმაოდ დიდი რაოდენობით, სულ ცოტა 10-15%-იდან 60%-მდე, როგორც ჩანს მოყვანილი მაგალითიდან. მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ მიმართული ეს გაცხოველებული კამპანია გვაფიქრებინებს, რომ სხვადასხვა პარტიებს, პარტიების პირველ პირებს არ სურთ იხილონ საკუთარი პარტიების რიგებში ლიდერი ადამიანები, რომ მათ ეშინიათ შიდა კონკურენციის, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება როგორც მინიმუმ ზრდის პოლიტიკური კონკურენციის ხარისხს და იძლევა მრავალლიდერიანი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების საშუალებას, მაჟორიტარი თავისი არსით არის ამომრჩევლის ნდობის მანდატით აღჭურვილი ლიდერი. ამიტომ პოლიტიკური პარტიების ინტერესში წესით უნდა იყოს ბევრი ასეთი ლიდერის არსებობა პარტიულ სტრუქტურებში და შიდა კონკურენციის გაზრდა, შედეგად ვითარდება და იზრდება თვითონ, თვით პარტია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტარული, მაჟორიტარების არსებობა არის პოლიტიკური პარტიების ხარისხობრივი განვითარების და საქართველოს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების და გადახალისების ერთადერთი გზა. ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური ძალების სწორი და დაბალანსებული კონცენტრაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ მართალია ძალაუფლების ზეკონცენტრაციამ შესაძლებელი გახადა საქართველოს წინსვლა ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამანვე შეუწყო ხელი უამრავ შეცდომას და ძალაუფლების გადამეტებას, რამაც წინა ხელისუფლება ჩამოაშორა მმართველობას. აქვე მინდა საბერძნეთის მაგალითს, რომელიც მეორე უკიდურესობაა, ანუ, ეს არის პარლამენტში პოლიტიკური ძალების სუსტი კონცენტრაცია. ამ სისუსტის დასაბალანსებლად საბერძნეთში არსებობს საკონსტიტუციო ნორმა, რომლითაც პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას ხელოვნურად ემატება 50 ადგილი 300-მანდატიან პარლამენტში, თითქმის 17%, არა მგონია, რომ მთლად დემოკრატიული იყოს ეს ნორმა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი ჯანსაღი კონკურენციისთვის და მოხდა კონცენტრაციისთვის, ბოდიშს ვიხდი, და მოხდა ის, რომ ქვეყანაში ვერ მიიღებოდა ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები და შედეგად საბერძნეთში და საბერძნეთი, როგორც ქვეყანა მივიდა გაკოტრებამდე. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩვენ ვნახეთ, როგორ დავკარგეთ ტერიტორიები სუსტი ცენტრალური ხელისუფლების ფონზე მომძლავრებული სეპარატიზმის პირობებში მიგვაჩნია, რომ საქართველოს რეალობისთვის ყველაზე ოპტიმალური საარჩევნო მოდელი არის შერეული, - პროპორციულ-მაჟორიტარული. ეს მოდელი ყველაზე უკეთ უწყობს ხელს პარლამენტში პოლიტიკური ძალების სწორ კონცენტრაციას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებმა და შემდგომ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დააჩქარა ჩვენი საარჩევნო სისტემის ცვლილება, შედეგად მოხდა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გათანაბრება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, იყო ლოგიკა, მაგრამ ეს ცვლილებები მოხდა ნაჩქარევად და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დღემდე გაურკვეველი რჩება ცვლილებების არგუმენტაცია.
ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო კოლეგებო, გთხოვთ, ნუ ჩათვლით, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით კონკრეტულ ადამიანებს ან პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენ გვაქვს საკუთარი არგუმენტირებული აზრი და პრობლემატიკის ჩვენებური ხედვა, გვაქვს კითხვები და გვაქვს კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ბატონი პრეზიდენტის აზრს, ასევე, როგორც ჩვენი ოპონენტების მოსაზრებებს, მაგრამ, ასევე, ვითხოვთ, რომ ჩვენი აზრი და ჩვენი არგუმენტები იყოს გათვალისწინებული. აგრეთვე ვთვლით, რომ აღნიშნულ პროცესში, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უნდა დადგეთ ამ დისკუსიაზე მაღლა და არ უნდა გახდეთ დისკუსიის მხარე, თქვენი კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე. საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები ბუნებრივია ვერ იქნება განხილული კონსტიტუციისგან განყენებულად. მინდა გავამახვილო ყურადღება კონსტიტუციის ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა 2004-ში და 2010 წლებში, ორივე შემთხვევაში ეს ცვლილებები იყო პერსონიფიცირებული და ემსახურებოდა კონკრეტულ პარტიულ ინტერესს. პირველ შემთხვევაში მოხდა პრეზიდენტის ძალაუფლების ზედმეტად გაძლიერება პარლამენტის უფლებების ხარჯზე, ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა საპრეზიდენტო მმართველობის მოდელის შეცვლა გაურკვეველი ნახევრადსაპარლამენტო მოდელით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის საკითხი გადასახედია, რადგან ამჟამინდელი დაუბალანსებელი რედაქციით მომავალში ერთის მხრივ შეიძლება მივიღოთ მაღალი ლეგიტიმაციის პირდაპირი არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილებით, ხოლო მეორეს მხრივ მივიღოთ არაპირდაპირი, მით უმეტეს, პროპორციული წესით არჩეული დაბალი ლეგიტიმაციის 25%-იანი ლეგიტიმაციის, თუნდაც მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ზედმეტად გაზრდილი უფლებამოსილებით. დღევანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოვიდა საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციით, მომავალში კონსტიტუციის ამ რედაქციით შესაძლებელია წარმოიშვას დიდი დისბალანსი და შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ ან პრეზიდენტი უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული, ან მას უნდა ჰქონდეს გონივრულად მეტი უფლებები. საქართველოს მკვეთრად განსხვავებული რეგიონალური, რეგიონული სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო განვითარებისთვის აუცილებლად მიგვაჩნია ძლიერი ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების კონსტიტუციური გამყარება. ეს ნიშნავს ძლიერ საპრეზიდენტო ინსტიტუტს და მყარ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში მისი ზომიერი კონცენტრაციით. ამიტომ მომხრე ვართ პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული ძლიერი საპრეზიდენტო მოდელის, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტს ექნება ძლიერი მაკონსოლიდირებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაკონსოლიდირებელი ფუნქცია, ხოლო ძალაუფლება იქნება გონივრულად განაწილებული მსოფლიო დემოკრატიებში მიღებული წესების მიხედვით პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტს შორის. ვემხრობით ორპალატიანი პარლამენტის არსებობს, სადაც ზედა პალატა დაკომპლექტდება პირდაპირი წესით არჩეული მაჟორიტარებით, ხოლო რაც შეეხება ქვედა პალატას, ღრმა ანალიზის შედეგად ჩამოგვიყალიბდა მყარი მოსაზრება, რომ ის უნდა დაკომპლექტდეს არა პროპორციულით, არამედ შერეული სისტემით.
ბატონებო, რადგან ჩემი გამოსვლა რეგლამენტით შეზღუდულია, მინდა მოვასწრო და მხოლოდ მოკლედ შევეხო ეკონომიკის საკითხებს, რომლებზეც ბევრი მაქვს სასაუბრო. რა უშლის ხელს საქართველოში ეკონომიკის უფრო სწრაფ და მდგრად განვითარებას და რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო:
1. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება. კარგია, რომ ბოლო პერიოდში მოხდა, დაძაბულობის მუხტი შემცირებულია, შემცირება რიტორიკის, შერბილების, შერბილებით რუსეთთან მიმართებაში და ეს არ მომხდარა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დათმობის ხარჯზე;
2. უპირობოდ უნდა არსებობდეს ბიზნესის უწყვეტი ნდობა ცვალებადი ხელისუფლებების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია;
3. საჭიროა აბსოლუტურად კონკურენტული და თავისუფალი ბიზნესგარემო და ამ ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა, - ეს გულისხმობს, მათ შორის, კონკურენციის შეზღუდვის ისეთი ფორმირების გამორიცხვას, როდესაც ბანკები ქმნიან საკუთარ ბიზნესკომპანიებს, როდესაც სახელმწიფო ქმნის კერძო სუბიექტებთან ერთად კონსორციუმებს და ასეთი უპირატესი სტატუსით აღჭურვილი ბიზნესსუბიექტები შემოდიან ბაზარზე და, რა თქმა უნდა, წარმოიშვება არათანაბარი კონკურენტული გარემო;
4. საჭიროა ზომიერი და ლოგიკური სახელმწიფო რეგულაციების დაწესება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს ამ რეგულაციების ადმინისტრირების რესურსი გააჩნია ან ძალიან ძვირი არ ჯდება ეს ადმინისტრირება;
5. აუცილებელია სახელმწიფო აპარატის რაოდენობრივი შეკვეცა და ხარჯების შემცირება და ამავდროულად საუკეთესო კადრების მოზიდვა და მათთვის მოტივაციის გაჩენა მაღალი, კერძო, მაღალ კერძო სექტორში არსებული ხელფასების თანაწონადი ანაზღაურების და სამოტივაციო სისტემების ხარჯით, სახით, რაც ჯამში მათ დღეს არსებულ ანაზღაურებაზე მეტიც უნდა იყოს. ჩემი აზრით პრემიერ-მინისტრს დაახლოებით 500000 ლარი უნდა ჰქონდეს წლიური შემოსავალი;
6. ქვეყანა უნდა იყოს კორუფციიდან სრულად თავისუფალი, როგორც დეცენტრალიზებული, ასევე ცენტრალიზებული, ეგრეთწოდებული ელიტური კორუფციისგან და უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს კონვერტით არავინ არ დადის ერთმანეთთან.
7. დაბალი გადასახადი და ადმინისტრირების მაღალი ხარისხი. მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოგების გადასახადთან დაკავშირებით.
8. გვჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი და მაღალპროფესიული სასამართლო ხელისუფლება.
9. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი, უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადგილობრივი და უცხოელ ინვესტორებს არ შეეშინდებათ საკუთარი კაპიტალის დაბანდება. ეს და სხვა მაჩვენებლები, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს ასახავს ქვეყნის ეკონომიკის და მდგრად განვითარებას და შესანიშნავად არის დათვლილი სხვადასხვა საერთაშორისო ყურადსაღები სარეიტინგო ინდექსებით. 2015 წლის მონაცემებით ვიკავებთ „დუინგ ბიზნესის“ ინდექსით მე-15 ადგილს 189 ქვეყანას შორის. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით 69-ე ადგილს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მე-11 ადგილს, კორუფციის აღქმის ინდექსით 50-ე ადგილს 175 ქვეყანას შორის. კრიმინალის დონის ინდექსით მე-5 ადგილს მსოფლიოში „ნუმბეოს“ მონაცემებით და ა.შ. არის კი ეს მაჩვენებლები კარგი, გარდა კრიმინალის დონის ინდექსისა დანარჩენი ინდექსები არ არის კარგი, რადგან გამოდის, რომ მხოლოდ კრიმინალთან ბრძოლაში ვართ ხუთოსნები, ხოლო სხვა ინდექსებით ვართ ოთხოსნები და შესალოა სამოსნებიც. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები ბევრად უკეთესია, ვიდრე 10-12 წლის წინანდელი მაჩვენებლები და ბოლო 2 წელიწადში შეიმჩნევა მათი ოდნავი გაუმჯობესების ტენდენციაც. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ინვესტორი მაინცდამაინც საქართველოში შემოვიდეს და ინვესტიციები მხოლოდ ფული არ არის, ეს არის გამოცდილება და განათლება. თუ ჩვენ გვინდა განვითარება, თუ ჩვენ გვინდა გვინდა ქვეყანაში არა მხოლოდ ფულის, არამედ ცოდნის და გამოცდილების შემოდინება, მაშინ უნდა გავხდეთ ხუთოსნები ყველა მიმართულებით. ეს ნიშნავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა გავაუმჯობესოთ ყველა ის კანონი, რეგულაცია და რაც მთავარია მიდგომები, რომლებიდანაც პირდაპირ გამომდინარეობს და ითვლება და კარგადაც ითვლება ზემოთ მოყვანილი რეიტინგები. ეს არის პარლამენტის და მთავრობის გასაკეთებელი საქმეები, რომელთა განხორციელებაში ჩვენი ფრაქცია „უპარტიო მაჟორიტარები“ მზად არის შეიტანოს თავის წვლილი.
ბატონებო, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ. დარწმუნებულები ვართ, რომ ძლიერი და დაბალანსებული სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული მოქმედება შეგვაძლებინებს დასახული მიზნების განხორციელებას. დიდი მადლობა.